Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სოციოლოგიურმა სამსახურმა შეცვალა გამოკითხვის მეთოდიკა და პუტინის რეიტინგი გაიზარდა

ვლადიმირ პუტინი გამარჯვების დღის აღლუმზე. 9 მაისი, 2026.
ვლადიმირ პუტინი გამარჯვების დღის აღლუმზე. 9 მაისი, 2026.

რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიურმა სააგენტომ (ВЦИОМ), რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგის შემცირების შესახებ, ოფიციალურად შეცვალა გამოკითხვის მეთოდოლოგია. ამის შემდეგ, ВЦИОМ-ის მონაცემებით, პუტინის რეიტინგი გაიზარდა.

ახალი რეიტინგები 15 მაისს გამოქვეყნდა ორკვირიანი შესვენების შემდეგ, რაც ВЦИОМ-ის თქმით, არდადეგებით იყო გამოწვეული. ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 66,8%-მა მოიწონა პუტინის როგორც პრეზიდენტის მოღვაწეობა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ორი თვის წინ, მაგრამ 1,2%-ით მეტია წინა გამოკითხვასთან შედარებით. ნათქვამია, რომ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ მოწონების რეიტინგი მთელი 3,5%-ით გაიზარდა, ხოლო მთავრობის მოღვაწეობის მოწონება შემცირდა.

ВЦИОМ-მა ახალი რეიტინგების გამოქვეყნებისას მეთოდოლოგიის ცვლილების შესახებ განაცხადა: გამოკითხვები ახლა კარდაკარ ჩამოვლით ტარდება და არა ტელეფონით. „მხოლოდ სატელეფონო გამოკითხვა აღარ იძლევა სრულ სურათს, რომელიც საჭიროა მაღალი ხარისხის ელექტორალური პროგნოზირებისთვის. სწორედ ამიტომ, ტელეფონით და კარდაკარ გამოკითხვის კომბინირება დღეს ჩვენთვის არა მხოლიდ სასურველი, არამედ ნამდვილად აუცილებელი პასუხია გარე გამოწვევებზე,“ იუწყება ორგანიზაცია. კერძოდ, სააგენტომ განაცხადა, რომ ბოლო დროს ხანდაზმული ადამიანები თაღლითების შიშით სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს, რომ უპასუხონ სატელეფონო ზარებს.

კრემლთან ასოცირებულმა კიდევ ერთმა სოციოლოგიურმა სამსახურმა, FOM-მა, ასევე განაცხადა პუტინის დადებითი რეიტინგის ზრდის შესახებ 73%-დან 75%-მდე. მეთოდიკაში რაიმე ცვლილების შესახებ ის არ იტყობინება.

აპრილის ბოლომდე ВЦИОМ-ის გამოკითხვებში პუტინის რეიტინგი ზედიზედ შვიდი კვირის განმავლობაში მცირდებოდა, რაც კომენტატორებმა ინტერნეტის ბლოკირებით და მზარდი ეკონომიკური პრობლემებით შესაძლო უკმაყოფილებას მიაწერეს. კრემლს პუტინის რეიტინგის შემცირებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG