პესკოვმა ასე შეაფასა ზვიაგინცევის გამოსვლა კანის ფესტივალზე - იქ რეჟისორის ფილმი, "მინოტავრი", გრან-პრით დაჯილდოვდა და ზვიაგინცევმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
პესკოვმა 25 მაისს განაცხადა, რომ პუტინს ზვიაგინცევის სიტყვებს არ გადასცემს, და რომ რეჟისორს "ხმის უფლება" არ აქვს, რადგან "არასოდეს გმობდა სისხლიან ხოცვა-ჟლეტას, რომელიც კიევის რეჟიმმა დონბასში მოაწყო".
პესკოვის სიტყვების გავრცელების შემდეგ ზვიაგინცევს დაუკავშირდა გამოცემა "მედუზა":
"დიახ, ნამდვილად ასეა - მე არ მაქვს ხმის უფლება, ისევე, როგორც ის არ აქვს რუსეთის ასობით მილიონ მოქალაქეს. იმიტომ, რომ თქვენ არც არასოდეს გაგიგიათ მათი ხმა...
და აი ჩვენი საერთო, ძლევამოსილი შემადგენლობა უახლოვდება გაჩერება 'ჩიხს'. და ახლა - ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით - მთელი ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი, რაციონალური და გადარჩენის მომტანიც იქნებოდა ის, რომ ყურადღების გადატანის მიზნით არ იყოს უხვსიტყვიანობა. არ იყოს 2022 წლის ფარისევლური კითხვები მოქალაქის მიმართ - 'სად იყავით ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში?'. და იყოს მოქმედება პრინციპით - აქ და ახლა. დასრულდეს ეს უაზრო და ულმობელი ომი. არაფერი, - გარდა მწუხარებისა და ცრემლებისა; გარდა იმედგაცრუებისა და დეპრესიული აპათიისა; გარდა თქვენი თანამოქალაქეების მოგლეჯილი კიდურებისა მოჩვენებითი მიზნის სახელით; გარდა იმ ახალგაზრდების განადგურებისა, რომლებიც ქვეყანას ცხოვრებისა და მომავლის შენებისთვის სჭირდება, - წინ არაფერი კარგი არ გველის, თუ არ გავჩერდებით". - ეუბნება რეჟისორი "მედუზას".
კანის ფესტივალზე ზვიაგინცევი შემდეგი განცხადებით გამოვიდა: "შეხების ხაზის ორივე მხარეს მილიონობით ადამიანი ახლა ერთადერთ რაღაცაზე ოცნებობს - რომ ბოლოს და ბოლოს შეწყდეს ადამიანთა უსასრულო მკვლელობები. და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ ხორცსაკეპის გაჩერება შეუძლია, ხართ თქვენ, რუსეთის ფედერაციის ბატონო პრეზიდენტო. დაასრულეთ ეს ხოცვა-ჟლეტა. მთელი მსოფლიო ამას ელოდება".
რეჟისორმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინი ინტერნეტს არ იყენებს და, ალბათ, პირდაპირ ეთერში არ უყურებდა კანში მიმდინარე ღონისძიებას.
ზვიაგინცევის გამოსვლას დიდი რეზონანსი მოჰყვა - რეჟისორს ბევრი დაეთანხმა, ომის მომხრე რუსმა ბლოგერებმა მას "ღალატში" დასდეს ბრალი. კიდევ სხვებმა ზვიაგინცევი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ იგი არ გამოვიდა უკრაინის მხარდაჭერისკენ პირდაპირი მოწოდებით.
"მინოტავრი" ზვიაგინცევის პირველი ფილმია თითქმის 10 წლის განმავლობაში. რეჟისორი ავადმყოფობდა და მკურნალობის კურსს საზღვარგარეთ გადიოდა, ხოლო 2022 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ფილმი ძირითადად რიგაშია გადაღებული, რუსულ ენაზე. ის საფრანგეთის, გერმანიისა და ლატვიის ერთობლივი პროდუქციაა.
გრან-პრი კანის ფესტივალზე მნიშვნელობით მეორე პრემიაა. მთავარი პრიზი, "ოქროს პალმა", რუსულ ფილმს მიღებული არ აქვს. საბჭოთა პერიოდში, 1958 წელს ამ პრიზით დაჯილდოვდა მიხეილ კალატოზიშვილის "მიფრინავენ წეროები".