რუსეთის მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები დუმამ და ფედერაციის საბჭომ 13 და 20 მაისს მიიღეს. მოქალაქეობის და თავდაცვის შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებს პუტინმა ხელი 25 მაისს მოაწერა და დოკუმენტი ოფიციალურად გამოქვეყნდა.
რუსეთის მთავრობის თანახმად:
- საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით" იმ შემთხვევაში, თუ „მათი დაპატიმრება (დაკავება), სისხლისსამართლებრივი და სხვა სახის დევნა" ხდება უცხოეთის სახელმწიფოთა სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
საუბარია სასამართლოებზე, რომლებსაც „სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების სფეროში უფლებამოსილებები მინიჭებული აქვთ უცხოეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე და საერთაშორისო სასამართლო ორგანოებზე, რომელთა კომპეტენცია არ ეფუძნება რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებას ან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას“.
რუსეთის მოქალაქეების „დასაცავად“ შესაბამისი ზომების მიღების საკითხს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გადაწყვეტს.
გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გამოკითხული იურისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ახალი კანონი შესაძლოა გამოიყენოს, მაგალითად, „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების დასაცავად.
კერძოდ, თუ რომელიმე ასეთ გემს და მის ეკიპაჟში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს სანქციების დარღვევისთვის დასავლეთის სახელმწიფოების სამხედროები ან მესაზღვრეები დააკავებენ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, მოქმედების უფლება ექნებათ. თუმცა იურისტებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა „დაიცვას“ არმიამ რუსეთის მოქალაქეები.
ასევე ნახეთ
ბრიტანელ სამხედროებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე ასვლის და დაკავების უფლება მისცესრუსულმა მედიასაშუალებებმა პირველად 2026 წლის მარტში დაწერეს, რომ რუსეთის მთავრობის საკანონმდებლო საქმიანობის კომისიამ მხარი დაუჭირა თავდაცვის და მოქალაქეობის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას და განსახილველად პარლამენტისთვის გადაცემას.
გამოცემა РБК-ს შეკითხვას, გავრცელდება თუ არა კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რუსეთის იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ გრუზდევმა უპასუხა, რომ ამ სასამართლოს კომპეტენცია ეფუძნება რომის სტატუტს, რომელსაც რუსეთმა ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიკაცია არ განუხორციელებია.
2016 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რომის სტატუტის მონაწილეობა არ სურს. შესაბამისად, გრუზდევის განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია არ ეფუძნება თავად რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებას.
- 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
- სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
- ჰააგის სასამართლოს გაცემული აქვს ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის, შორეული ავიაციის ყოფილი სარდლის, სერგეი კობილაშის და შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდლის, ვიქტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერებიც.