Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელ სამხედროებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე ასვლის და დაკავების უფლება მისცეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობამ სამხედროებს 25 მარტს მისცა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული გემების დაკავების უფლება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობამ სამხედროებს 25 მარტს მისცა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული გემების დაკავების უფლება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეიარაღებული ძალების სამხედროებს მისცა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ტრანზიტით მყოფ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულ გემებზე ასვლისა და მათი დაკავების უფლება.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ლონდონი ამ ნაბიჯით აძლიერებს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე და მორიგი დარტყმაა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“, რომელიც კვებავს უკრაინის წინააღმდეგ პუტინის „ბარბაროსულ ომს“.

  • ლონდონის გადაწყვეტილებამ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლები, მათ შორის ლა-მანშის სრუტე უნდა ჩაუკეტოს სანქცირებულ გემებს და აიძულოს უფრო გრძელი და ფინანსურად არამომგებიანი მარშრუტები აირჩიონ, ან დაკავების რისკზე წავიდნენ.

ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში თითოეულ სამიზნე გემს ინდივიდუალურად განიხილავენ და შეაფასებენ სამართალდამცავი ორგანოები, სამხედროები და ენერგეტიკული ბაზრის სპეციალისტები და მხოლოდ მათი რეკომენდაციის საფუძველზე მოხდება გემის დაკავება. ამის შემდეგ გემის მფლობელისა და ეკიპაჟის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის.

  • გაერთიანებულ სამეფოს მოკავშირეებთან ერთად სანქციები აქვს დაწესებული რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული 544 გემისთვის.
  • ლონდონის მონაცემებით, „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენებით ხდება რუსული ნედლი ნავთობის დაახლოებით 75%-ის ტრანსპორტირება.
  • 2026 წლის იანვარში ბრიტანელი სამხედროების მხარდაჭერით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატლანტის ოკეანეში ჩაატარა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული ტანკერის, რუსეთის დროშით მცურავი Marinera-ს (Bella-1) დაკავების ოპერაცია.
  • ტანკერის ქართველ კაპიტანს ავთანდილ კალანდაძეს ბრალი აშშ-ში წაუყენეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ტანკერ Bella 1-ის დაკავების წარმატებული ოპერაციის შემდეგ გადაწყდა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სხვა გემების წინააღმდეგაც მსგავსი ოპერაციების ჩატარების გეგმის შემუშავება.



ფორუმი

XS
SM
MD
LG