ალიანსის ერთ-ერთი წევრი პარტიის, „ახლის“ წარმომადგენელმა გიორგი პატარაიამ ფეისბუკზე 15:50 საათისთვის პირდაპირ ჩართვაში თქვა:
„მანქანა ჩამოგვართვეს, სადაც იყო გახმოვანება. მოვიდნენ ეს ადამიანები [პოლიციის წარმომადგენლები] და ევაკუატორით წაიყვანეს“.
ეს ავტომობილი სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ იდგა.
ოპოზიციური ალიანსი დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საღამოს 19:00 საათზე მსვლელობას გეგმავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით. პარლამენტის შენობასთან კი იგეგმება ოპოზიციის ლიდერების სიტყვით გამოსვლები.
„პასუხი არ მიუღიათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ ვაძლევთ უფლებას, ვერ ვხვდები“, - უთხრა საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გოგა მემანიშვილმა ადგილზე მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
ჟურნალისტებთან საუბარში კი მემანიშვილმა თქვა, რომ „წერილობითი პასუხი გაეცათ აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით შეიტანეს განცხადება და მაგასთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, გავერკვევით და გეტყვით. რომელიმე აქციის მონაწილეს ან ორგანიზატორს გავესაუბრებით“.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ, გაერკვევიან და "გონივრულ ვადაში მობრუნდებიან".
"თავიდან გვითხრეს, რომ არ გვქონდა ამის უფლება, მერე გვითხრეს, რომ გაერკვევიან. სულ ასე ხდება, როდესაც მრავალრიცხოვანი აქცია ჩაგვიტარებია. დაველოდებით, ჩვენ გვინდა, რომ ეს აქცია ჩატარდეს მშვიდობიანად, ექსცესების და დაძაბულობის გარეშე, იმიტომ რომ ეს აქცია არის მშვიდობიანი".
თენგო თევზაძის თქმით, აქციაზე იქნება ოპოზიციური ლიდერების სიტყვით გამოსვლები და მოქალაქეებს წარუდგენენ ხედვას ძირითად პრობლემებზე,
"ასევე გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს დღეებსა და კვირებში, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესი. ასევე, ჩვენ ღიად ვიტყვით, რას ვაპირებთ, მათ შორის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების გასაგონად. მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველ ხალხს ვეტყვით, როგორი იქნება სტრატეგია და კამპანია, რითაც, საბოლოო ჯამში, უნდა მივაღწიოთ პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი, სამართლიანი არჩევნები და არა ბიძინა ივანიშვილის არჩევნები, რომელსაც არჩევნები არ ჰქვია”, - თქვა თევზაძემ მედიასთან საუბარში.
ასევე ნახეთ
ოპოზიციის ალიანსს 26 მაისს აქციის გამართვაზე უარი უთხრეს24 მაისს გახდა ცნობილი, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დედაქალაქში გასამართ დემონსტრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა ალიანსმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, მიზეზი ტექნიკური დეტალები გახდა.
შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წერილი არ იყო კანონით დადგენილი წესით დაწერილი.
შსს-ს უარამდე, ალიანსმა უარი თბილისის მერიიდან მიიღო - ოპოზიცია ითხოვდა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სცენის მოსაწყობად თანხმობა მიეცა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 26 მაისს დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გამო ქუჩების ნაწილი გადაკეტილია, რაც იწვევს სხვა ქუჩების დატვირთვას. ამ მიზეზით, მათ პარლამენტთან „რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად“ მიაჩნიათ.
როგორც დღეს, 26 მაისს, უთხრა რუსთაველის გამზირზე მყოფ ჟურნალისტებს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ,
"როცა ხალხისგან დაიცლება [რუსთაველის გამზირი], სცენის მონტაჟი მოხდება ძალიან სწრაფად. არ მგონია, რომ რაიმე წინააღმდეგობაში იყოს ... პირდაპირ მოვალთ ტექნიკით, ჯერჯერობით ხალხია და ნამდვილად არ იქნება დაპირისპირება ხალხის ინტერესებთან", - თქვა ნიკა გვარამიამ.
განახლება
უარი ტექნიკის შეტანაზე
თავდაპირველი საუბრიდან დაახლოებით 1 საათში ოპოიზციის ლიდერებთან გოგა მემანიშვილი დაბრუნდა პასუხით, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორაზე ტექნიკის შეტანის უფლებას არ მისცემენ.
"რამდენიმე დღის წინ შემოიტანეს განცადება, დახარვეზდა ეს განცხადება, პასუხი ეცნობათ. დააკორექტირეს ეს განცხადება და თავიდან შემოიტანეს გუშინ, ხუთდღიანი განხილვის ვადა აქვს შსს , ვადაში ვერ ჩაეტია [ოპოზიციური ალიანსი] მათთვის ეს ცნობილი იყო. დაკორექტირებული განცხადება შემოვიდა მაგრამ შემოვიდა კანონის დარღვევით - გუშინ შემოვიდა - დღეს აქციაა. წერილი რაც მოგვწერეს მაგაზე ეცნობათ რომ უარი ერთქვათ.. ტექნიკის შეტანის უფლებას არ ვაძლევთ", - თქვა მემანიშვილმა.
მისივე სიტყვებით "თუ მაინც ეცდებიან შემოტანას დღეს უფლებას ვერ მივცეთ ტექნიკა განათავოსონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე".
მემიაშვილის პასუხად ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან საუბარში თქვა, რომ "არ იქნება შეხლა-შემოხლა. რა გაიშლება და რა არა - ამას ვნახავთ"
"არ ვიცი რა თქვა გოგა მენანიშვილმა, როცა გაგვცეს პასუხი ხარვეზის შევსებაზე, მერე შევიტანეთ [განცხადება]. რაღაცა ლეგალისტურ კამათებში არ შევალ. აქ სავსებით შესაძლებელია, მათ შორის ხალხის მოძრაობის პირობებშიც, ტექნიკა შევიდეს და დადგეს, შევიტანთ და დავაყენებთ სადაც არის. ჩხუბს და დაპირისპირებას არ ვაპირებთ... როცა შენ დაუშვებ მანიფესტაციას, მაგრამ გახმოვანებას არა, მიშნავს, რომ მანიფესტაცია პრაქტიკულად აკრძალული გაქვს. ამას გარდა, აქ რომ ხალხი მოვა მერე რას აპირებენ? შეუძლებელია ხალხთან ერთად პოლიტიკოსები მოძრაობდნენ და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება არ ჰქონდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთს არ ესმით. ეს თუ უნდა გოგა მემანიშვილს ეგ არ გამოვა",- თქვა ნიკა გვარამიამ
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება. უკვე მესამე წელია, ხელისუფლებას ღონისძიებების გამართვა პროტესტის ფონზე უწევს.
უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელი შემდეგი ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.
- ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლიდან არაერთი კანონი მიიღო. შეზღუდვები შეეხო გამოხატვის თავისუფლებასაც. მათ შორის, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი.
- აქციის გამართვამდე აუცილებელი გახდა შსს-ს ინფორმირება, გზის გადაკეტვისთვის ან ტროტუარზე პროტესტისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა.
- იმავე წესის დარღვევისთვის შსს-ს შეუძლია სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
- გამკაცრებული კანონით ათობით ადამიანს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.