Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ალიანსს 26 მაისს აქციის გამართვაზე უარი უთხრეს

ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტიაა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;„ფედერალისტები“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი - მეტი თავისუფლება“; „დროა“; „ევროპული საქართველო“; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; „თავისუფლების მოედანი“.
ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტიაა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;„ფედერალისტები“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი - მეტი თავისუფლება“; „დროა“; „ევროპული საქართველო“; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; „თავისუფლების მოედანი“.

დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დედაქალაქში გასამართ დემონსტრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა ალიანსმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, მიზეზი ტექნიკური დეტალები გახდა. 

შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წერილი არ იყო კანონით დადგენილი წესით დაწერილი:

„მათ შორის არ იყო დაცული განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამასთან, განცხადებაში არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა“.

აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, ოპოზიციის ალიანსის წევრი, პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ აქცია მაინც გაიმართება:

„მთავარი რაცაა, კი ვიცით: ამ ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია, გადაჭარბების გარეშე, აკრძალულია.

„სახლში რაც გინდა, ის აკეთეთ“ არ გამოვა, „ქოცებო“ [„ქართული ოცნება“]. აქცია გაიმართება, როგორც კონსტიტუცია გვეუბნება, ხოლო ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური პასუხები განიხილება მოგვიანებით და სამართლიანი სასამართლოს მიერ“.

შსს-ს უარამდე ალიანსმა უარი თბილისის მერიიდან მიიღო - ოპოზიცია ითხოვდა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სცენის მოსაწყობად თანხმობა მიეცა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 26 მაისს დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გამო ქუჩების ნაწილი გადაკეტილია, რაც იწვევს სხვა ქუჩების დატვირთვას. ამ მიზეზით, მათ პარლამენტთან „რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად“ მიაჩნიათ.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება. უკვე მესამე წელია ხელისუფლებას ღონისძიებების გამართვა პროტესტის ფონზე უწევს. წელს ოპოზიცია ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს.

უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG