მეტროსადგურ "ავლაბრის" რეაბილიტაცია 28-თვიანი სამუშაოების შემდეგ 2024 წლის ნოემბერში დასრულდა.
როგორც დღეს, 27 მაისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა კახა კალაძემ, "ფაქტობრივად, ისე წვიმდა მეტროსადგურ "ავლაბარში“, როგორც გარეთ".
"მინდა დავავალო აუდიტის სამსახურს, ასევე მოადგილეებს, დავიწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება!... არ ვიცი, ვისი ბრალია: კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება, მოიკვლიოს ყველაფერი. თუ საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ყველას გვაზიანებს! პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე, ჩვენზე. შესაბამისად, ეს საქმე და კონკრეტული ფაქტი ვერ იქნება რეაგირების გარეშე", - თქვა კალაძემ.
მეტროსადგურ "ავლაბრის" ვესტიბიულში წყალი 22 მაისს ჩავიდა. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურში მაშინ უპასუხეს რადიო თავისუფლებას, "ძლიერი წვიმის გამო გამოვლინდა ხარვეზი, დაზიანდა წყალარინების სისტემა".
მეტროსადგურ "ავლაბრის" რეაბილიტაცია 4 მლნ ლარზე მეტი დაჯდა
"ავლაბრის" რეაბილიტაციისთვის 4,2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შპს "ბადა გრუპთან" ("ბადა ქონსთრაქშენი") 2022 წლის 17 ივლისს დაიდო. ერთი წლისთავზე, 2023 წლის ივლისში კი, კონტრაქტორს ხელშეკრულება 2024 წლის 15 მარტამდე გაუგრძელეს.
ასევე ნახეთ
მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია დაწყებიდან 28 თვის შემდეგ დასრულდაიმავე კომპანიამ შეასრულა მეტროსადგურ "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ შემთხვევაში 13,4 მილიონი ლარის ხელშეკრულებაც ტენდერის გარეშე დაიდო.