რუსეთი და თალიბანი „სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე" შეთანხმდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და თალიბანის წარმომადგენელი პოზირებენ ფოტოსთვის მოსკოვში, 2025 წლის 7 ოქტომბერი.

რუსეთმა „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება“ გააფორმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან, რომელსაც მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსგან განსხვავებით აღარ მიიჩნევს „ტერორისტულ ორგანიზაციად“.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შეთანხმება 27 მაისს გაფორმდა მოსკოვში, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე, რომელშიც თალიბანის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ვინ მოაწერა ხელი შეთანხმებას და რას ითვალისწინებს, სააგენტო არ აკონკრეტებს. ამას არც კიდევ ერთი რუსული სააგენტო, „ინტერფაქსი“ წერს ცნობაში, რომელიც რუსეთსა და ავღანეთს შორის „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების“ ხელმოწერას ეხება.

მანამდე, „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ მოსკოვში შეხვდა ავღანეთის თავდაცვის მინისტრ მოჰამად იაკუბს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთს და ავღანეთს „ხანგრძლივი და ისტორიული ურთიერთობები აქვთ“, ამ მიმართულებით წინსვლა სურთ და „ორმხრივი ურთიერთობები გააფართოვეს“.

სააგენტოს მოჰყავს შოიგუს სიტყვებიც, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა ავღანეთის დაბლოკილი აქტივები უნდა გაათავისუფლონ და პასუხისმგებლობა აიღონ ქვეყნის „პოსტკონფლიქტურ აღდგენაზე“.

  • რუსეთმა თალიბანის მიერ გამოცხადებული „ავღანეთის ისლამური საამირო" 2025 წლის ივლისში აღიარა. სამი თვით ადრე მოსკოვმა თალიბანი ამოიღო ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან.

ასევე ნახეთ

"ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა" - პუტინის ბიოგრაფი ფილიპ შორტი
  • განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილმა თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი პირველად 1996 წელს დაამყარა და ქვეყანა ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.
  • შეერთებულმა შტატებმა მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი თალიბანის რეჟიმი 2001 წელს დაამხო.
  • თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.

ასევე ნახეთ

„ჩვენი ხმები და სახეები აკრძალეს” - როგორ ცხოვრობენ ქალები ავღანეთში მას შემდეგ, რაც თალიბებმა თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება წაართვეს