სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, „ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი“, რომელიც სუს-ის განცხადებით დაკავშირებული იყო ორი ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, 30 მაისს გამართულ ბრიფინგი განაცხადა, რომ ბრალდებული „მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით“, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მათ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას გადასცემდა.

ლაშა მაღრაძეს არ დაუსახელებია, რომელ ორ ქვეყანაზეა საუბარი.

მან თქვა, რომ დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან „მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტი“ ჰქონდა და ინფორმაციას გადასცემდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით:

„შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის გარეთაც. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით და დაფინანსებით შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას“.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით , რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ეს ამ თვეში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების მეორე შემთხვევაა.

მაისის დასაწყისში, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, პროკურატურამ ბრალდება 6 მაისს წარუდგინა - საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე.

ასევე ნახეთ

გიორგი უძილაურს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წარუდგინეს