Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი უძილაურს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წარუდგინეს

ფოტო არქივიდან: გიორგი უძილაური
ფოტო არქივიდან: გიორგი უძილაური

ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

რა წერია პროკურატურის ბრალდებაში

პროკურატურის თანახმად, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას".

მოსალოდნელი სასჯელი

გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა).

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. უწყება სასამართლოს, სავარაუდოდ, ხვალ, 7 მაისს, მიმართავს.

უძილაურის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 5 მაისს, გახდა ცნობილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, თუმცა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.

როგორ გამოიძიეს საქმე?

მაღრაძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დაადგინეს, რომ გიორგი უძილაური „თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას“.

გიორგი უძილაური და ბიძინა ივანიშვილი

ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული უძილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

სხვა დაკავებული სახელმწიფო უწყებაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის“ ბრალდებით დააკავეს უწყების ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG