"ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ!" - თბილისში შაბათის მარში იმართება

ტრადიციად ქცეული შაბათის საპროტესტო მარში

30 მაისს, უკვე ტრადიციად ქცეული შაბათის საპროტესტო მარში, ორი დღის წინ, გორში, პოლიციელების მიერ ძალადობის ფაქტს ეხმიანება.

"ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ“ - დღევანდელი მარშის მთავარია სლოგანია. ამჯერად უწყვეტ წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეეები სამართლიანობას მოითხოვენ.

უცვლელია მარშრუტიც - მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე.

მარშს კი სათავეში ის ადამიანები უდგანან, რომლებიც უკვე ერთი წელია ამბობენ, რომ პოლიციის ძალადობას დაუსჯელობა ახალისებს და საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს.

„ერთად ვდგებით ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - აცხადებენ მარშის მონაწილეები.

მათი თქმით, გორში მოქალაქეზე პოლიციელების თავდასხმა იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს, ხოლო ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი.

ასევე ნახეთ

გორში მოქალაქის ცემაში ბრალდებულ 6-ივე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

„სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანს და არა ჩაგრავდეს მას. წლების განმავლობაში, მოქალაქეები ხედავენ, როგორ იქცა სისტემა ადამიანების დაცვის ნაცვლად, ძალადობის, დაშინებისა და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად“, - ამბობენ ისინი.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.

ხოლო შაბათის მარშების ტრადიცია უწყვეტ პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა bbc-ის საგამოძიებო ფილმის პასუხად დააწესეს - პირველი ერთი თვის განმავლობაში ამ მსვლელობით ისინი ითხოვდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი.

მომდევნო თვეებში მარშების თემატიკა უფრო მრავალფეროვანი გახდა - ის ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ასზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად ტარდება, ზოგჯერ კი მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს ეხმაურება.

ასევე ნახეთ

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მარში გაიმართა