Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში მოქალაქის ცემაში ბრალდებულ 6-ივე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო.
გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო.

გორში მოქალაქის ცემაში ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გამოაცხადა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა. მან გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. საქმის პროკურორმა ამის არგუმენტად თქვა ის, რომ ისინი არათუ არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, პირიქით, ხელს უშლიდნენ გამოძიების პროცესს.

„ეს ჩვეულებრივი საქმე არაა, ბრალდებულები პოლიციის თანამშრომლები არიან. გარდა დაკავებულისა, იქ სხვა პირებიც ფიგურირებენ, ისინი ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის კოლეგაა... მიმდინარეობს მათი დადგენის ღონისძიებები.

ექვსი ბრალდებულიდან ოთხი საკუთარ ქმედებებზე უთითებს და იმასაც არასწორად, ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით... არათუ ითანამშრომლეს, არამედ არ ითანამშრომლეს, რომ ეთანამშრომლათ, სხვა პირებიც გამოკვეთილი იქნებოდა. ნუ, ნაწილი გამოკვეთილია, ნაწილი გამოიკვეთება, ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან გამოძიების შეცდომაში შეყვანას...“ - უთხრა პროკურორმა მოსამართლეს.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

  • პროკურორის თქმით, ერთადერთი ვიდეომტკიცებულება, რომელიც საქმეში დევს, qartli.ge-ს გადაღებული ვიდეოკადრებია. პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები საქმეში არ დევს - არსებული ინფორმაციით, მათ მოწყობილობა ჩართული არ ჰქონდათ;
  • ბრალდებულის სტატუსი არ აქვს იმ პოლიციელს, რომელსაც, შსს-ს ცნობით, ქვა მოხვდა;
  • წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს გაიმართება.

ბრალდებულები სხდომას არ დაესწრნენ

ბრალდებული პოლიციელები: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე და საბა წაველიძე სასამართლო სხდომას საკუთარი სურვილით არ დასწრებიან.

„მათი უფლებაა, რადგან მათ არ სურთ, მათი დასწრების გარეშე განვაგრძოთ სხდომა“, - თქვა მოსამართლემ და მათ გარეშე განიხილა აღკვეთის ღონისძიების საქმე.

ბრალდებულ პოლიციელებს, რომელთა შორისაც ერთი 19 წლის არის, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

რა თქვეს ბრალდებულების ადვოკატებმა:

  • ვლადიმერ გოდერძიშვილის და ვანიკო მისერელის ადვოკატმა ივანე სამხარაძემ თქვა, რომ დაკავებულები ბრალს აღიარებენ. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ადვოკატმა 5000-ლარიანი გირაოს გადახდა მოითხოვა;
  • პოლიციელ ბესო მალაციძის ადვოკატი არ დაეთანხმა პატიმრობის საკითხს და მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. ადვოკატს არ უთქვამს, აღიარებს თუ არა ბრალდებული პოლიციელი წაყენებულ ბრალს;
  • ალექსი ბადალოვის ადვოკატმა ლაშა ცინცაძემ აღნიშნა, რომ „სიჩქარეში პროკურატურამ ბადალოვის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება მოიპოვა“. მისი თქმით, მისი ამოცნობა კადრებში ადვილია, რადგან ერთადერთი პოლიციელია, რომელსაც „პატრულის წარწერიანი სპეცსამოსი აცვია“. მან ბადალოვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.

მოსამართლის განმარტება

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პოლიციელებისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„ექვსმა პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთზე განსაკუთრებით, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული… ათრიეს გრუნტოვან მიწაზე [დაზარალებული - რ. თ.]...

ბრალდება ვარაუდობს, რომ ჩვენებების შეთანხმების რისკიცაა... რომელი საფრთხე არ არსებობს, ბატონებო?.. მათი ქმედებიდან, დანაშაულის ფაბულიდან, კლასიფიკაციიდან გამომდინარე“.

რა მოხდა გორში - დეტალები მოკლედ

  • 27 მაისს პოლიციამ გორში პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა;
  • თავდაპირველად პოლიციამ იგი დააკავა, ჟურნალისტების მიერ გადაღებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი პროკურორმა მისი იზოლატორიდან გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება გრძელდება;
  • კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.
  • პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
  • გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი დააკავეს. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ;
  • დაკავებული პოლიციელები არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე;
  • პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი 27 მაისს კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი;
  • ის 29 მაისს, გვიან ღამით, კვლავ მოხვდა კლინიკაში. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია;
  • სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“;
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები, „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG