საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 27 მაისს, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა „იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა საპატრიარქოში, 27 მაისი, 2026 წელი
ამასთანავე, დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის განმტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს.
„შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა.
დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის: სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს...
შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას“, - წერია განცხადებაში.
27 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო.
კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები: ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.