ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ საფრანგეთში 400-ზე მეტი გულშემატკივარი დააკავეს

PSG-ის გულშემატკივრები ზეიმობენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას, პარიზი, 30 მაისი, 2026 წელი

მას შემდეგ, რაც 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ „არსენალი“ დაამარცხა, პარიზში, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

BBC იუწყება, რომ არეულობის შესაჩერებლად პარიზში ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული, რამაც შეაფერხა ავტობუსების, მატარებლებისა და რკინიგზის მოძრაობა.

გავრცელებული ცნობით, შეტაკების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა.

პარიზის მთავარი გამზირი გულშემატკივრებით აივსო მას შემდეგ, რაც საფრანგეთის გუნდმა „არსენალს“ პენალტების სერიით სძლია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აფეთქებენ გულშემატკივრები პიროტექნიკას, ამსხვრევენ მაღაზიის ვიტრინას და წვავენ ელექტროველოსიპედებს.

პოლიციის ცნობით, არეულობის დროს ექვსი ავტომობილი, ორი ბიზნეს ობიექტი და ავტობუსის გაჩერება დაზიანდა. ხელისუფლების ინფორმაციით, 31 მაისს, გამთენიისას, 416 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 280 პარიზში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში PSG-ს მეტოქე იყო ინგლისის წლევანდელი ჩემპიონი, ლონდონის „არსენალი“. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო დასრულდა ფრედ - 1:1. პენალტების სერიაში პარიზელებმა იმარჯვეს - 4:3.

ასევე ნახეთ

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ტურნირში "პარი სენ-ჟერმენმა" გაიმარჯვა

შარშან PSG-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა ანგარიშით 5:0.