„ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი, საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს“, - თქვა გიორგი გელხაურმა, ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა, სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ.
ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალები თანახმად, რომელსაც გაეცნო, ირაკლი ჩიხლაძეს არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს ჯაშუშურ საქმიანობასთან, მათ შორის, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების შელახვასთან.
გიორგი გელხაურის თქმით, გამოძიებამ მათ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი:
„რთული მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რადგან საიდუმლო წარმოება მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში წარმოდგენილი და, შესაბამისად, როგორც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ამაზე, სამწუხაროდ, არ მოგვიწევს საუბარი“.
ადვოკატი განმარტავს, რომ ირაკლი ჩიხლაძის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს 30 მაისს, ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესთან, რომელიც პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორია.
„ერთადერთი, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე სახის სპეკულაციები არ მოჰყვეს, იმავე დღეს დააკავეს კიდევ გულბაათ რცხილაძე - საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვთ. ეს არის ორი დამოუკიდებელი, ავტონომიური საქმე და ერთმანეთთან ამ საქმეებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ერთი კვალიფიკაციით და ერთი მუხლით არის ეს გამოძიება დაწყებული”, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, საქმის მასალებში არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმისთვის, რომ ადამიანს “ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობა, ჯაშუშობა დააბრალო”:
„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის სტანდარტის მტკიცებულებებით შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს დასდონ ბრალი, გამოვიდნენ ასე და თქვან, რომ ის არის ჯაშუში და შემდგომ ხელი მოვაწეროთ იმაზე, რომ ჩვენ გაუთქმელობა გვაქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ და თავს ვერ ვიცავთ რეალურად, საზოგადოების წინაშე, თორემ სასამართლო პროცესები დახურული იქნება და ვერავინ ვერ გაიგებს, რეალურად, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინა ბრალდება ირაკლის წინააღმდეგ”, - ამბობს გიორგი გელხაური.
ადვოკატის ინფორმაციითვე, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„თვითონ ამბობს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მსგავსი ნაბიჯი მას არ გადაუდგამს, რომელიც რაიმე სახით ქვეყნის ინტერესებს შელახავდა და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა”.
ადვოკატი განმარტავს, რომ იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მათ გააცნეს, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთი ღონისძიების რომელიმე სახე შეეფარდოს:
„ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რა მტკიცებულებაც ჩვენ გაგვაცნეს და ვნახეთ, გირაოს დაყენება კი არა, საერთოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ სასამართლომ რომელიმე აღკვეთის ღონისძიების სახე შეუფარდოს. აღარ ვსაუბრობ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახეზე. საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს ადამიანი, რადგან არანაირი შემხებლობა იმას იმ ბრალთან, ირაკლის ამ ბრალთან არა აქვს”, - განმარტა ადვოკატმა.
ასევე ნახეთ
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი ირაკლი ჩიხლაძეაირაკლი ჩიხლაძე „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
„სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ ძირითადად საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ე.წ. „სამოქალაქო მოსმენების“ ორგანიზებით იყო ცნობილი, განსაკუთრებით კონფლიქტებთან და რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე
სხვადასხვა დროს იყო რეგიონებში გამართული შეხვედრების ინიციატორი - მაგალითად, 2015 წელს, გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ სწორედ მისი ორგანიზატორობით გაიმართა სამოქალაქო მოსმენა.
იმავე წელს, მათივე ორგანიზებით ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს ქართველი, ოსი და აფხაზმა ჟურნალისტები სამომავლო თანამშრომლობის პროექტებზე სასაუბროდ.
ირაკლი ჩიხლაძე აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.
როგორც მისმა მეუღლემ, მაია ნებიერიძე, უთხრა ტვ პირველს, მისი მეუღლე იყო რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც და მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა.
30 მაისს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოებს უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალად ედება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.
მათივე ცნობით, დაკავებული ონლაინ პლატფორმის საფარით მართავდა მართავდა „სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს“.
ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისიწნებს პატიმრობას 8-დან 12 წლამდე.
31 მაისს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი ჯაშუშობის მუხლით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს, პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორს.
გამოძიების განცხადებით, "პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს".