დაკავებულის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებას “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას უკავშირებს”.
ბრალის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ადვოკატმა განაცხადა, რომ გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს.
"ბუნებრივია, კატეგორიულად უარყოფს და ეგ ადამიანი ამბობს თვითონ, რომ არანაირი ჯაშუში მე არა ვარ და პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, იყო მიმართული იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო და ქვეყანაში რაღაც ომი და უბედურება არ მომხდარიყო.
ანუ რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს თვითონ, რომ ალბათ ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო. ობიექტივზე უკვე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა 27 მარტიდან, უფრო გააქტიურდა და რაღაც თემები გაშალა, ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა.
შესაძლოა ვივარაუდოთ [რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ], კი ბატონო. უბრალოდ, ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე, მაგრამ არის ალბათ ეგ, ერთი ქვეყანა ეგ [რუსეთი] იქნება ალბათ. ალბათ მეორე სხვა ქვეყანაა”, - განაცხადა ადვოკატმა.
ლაშა გოლუბიანის თქმით, საქმე 11-12 ტომისგან შედგება, თუმცა მასში “პირდაპირი მტკიცებულება არ დევს, რომელიც გულბაათ რცხილაძის დანაშაულს ამტკიცებს”.
„მტკიცებულება, შესაძლოა, იყოს რაიმე დოკუმენტი, რომელიც შექმნილია საგამოძიებო ორგანოს მიერ, მაგრამ ამ დოკუმენტით, ამ მტკიცებულებით, ამ ფარული მიყურადების, გარკვეული მასალით რამდენად მტკიცდება პირის დანაშაული, აი ეგ არის აქ გასარკვევი და სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული მტკიცებულებები. მე გეუბნებოდით, რომ იქ არ არის რაიმე ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, საიდანაც ჯაშუშობა დასტურდება”, - განაცხადა გოლუბიანმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, გულბაათ რცხილაძე გეგმავდა ირანში მოგზაურობასაც. ადვოკატი ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ იქ გამგზავრება ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიფიქრა.
„კი, ირანში აპირებდა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო მომენტში უკვე გადაიფიქრა. ანუ ირანის ელჩი და „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში, რომ მამა ჰყავს ძალიან ცუდად და თვითონ უვლიდა ხოლმე“, - ამბობს ადვოკატი.
გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
სუს-ის განცხადების თანახმად, დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტი ხშირად აწყობდა კონფერენციებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. ერთ-ერთი მათგანი 2024 წელსაც ჩატარდა სახელწოდებით - "საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ".
"აი, ფაქტის" ცნობით, გულბაათ რცხილაძის ორგანიზაციას, 2020 წლიდან აფინანსებს 2023 წელს, აშშ-ს მიერ დასანქცირებული რუსული “პრავფონდი”, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს.
ამავე გამოცემის ცნობით, პრორუსული განწყობებით ცნობილ გულბაათ რცხილაძეს საქართველოში რეგისტრირებული აქვს სულ ოთხი ორგანიზაცია: "ევრაზიის ინსტიტუტი", "კავკასიური თანამშრომლობა", "სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთის" და "საქართველოს უკვდავი ჯარი".
და როგორც "აი, ფაქტი" წერს, მისი ორგანიზაციების აქტივობებია: მსვლელობების, ტრენინგების, შეკრებების ორგანიზება, ლიტერატურის ბეჭდვა და უფასო დარიგება. რცხილაძე უდგას სათავეში 9 მაისს გამართული “უკვდავი ჯარის” მსვლელობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.
30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი - ის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“- დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა.
ფორუმი