ინფორმაცია, რომელიც პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, 1 ივნისს რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
„აგრემანის საფუძველზე“
საგარეო უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ:
- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა;
- და რომ იგი ელჩად დაინიშნა „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე“.
აგრემანი არის სახელმწიფოს წინასწარი თანხმობა, მიიღოს უცხო სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.
„რწმუნებათა სიგელები არ გადაუცია“
„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია“, - დაგვიზუსტეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ „რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაჰბარდა“.
ასევე ნახეთ
გერმანიაში ელჩად დაინიშნა ალექსანდრე კარტოზია, განათლების მინისტრი 1998-2004 წლებშისაგარეო უწყება ამბობს, რომ როგორც მათთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა მიიღო 12 სახელმწიფოს ახლად დანიშნული ელჩებისგან რწმუნებათა სიგელები.
საგარეო უწყების მიერ დასახელებული ქვეყნებია ლიბანი, ბაჰრეინი, ეკვადორი, განა, კანადა, ნიგერია, ინდონეზია, კომორის კუნძულების კავშირი, ფილიპინები, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ახალი ზელანდია და მონღოლეთი.
„სრულიად გაუგებარია“
„ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან“, - ასე უპასუხეს რადიო თავისუფლების კითხვას საგარეო უწყებაში, თუ როგორ აფასებენ ამ სავარაუდო შეფერხებას.
„ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია“, - ამბობენ საგარეო უწყებაში.
რადიო თავისუფლება გერმანული მხარის პოზიციის მისაღებად 1 ივნისს დაუკავშირდა გერმანიის საელჩოს საქართველოში:
- საელჩომ საგარეო უწყებასთან გადაგვამისამართა;
- გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ასევე ნახეთ
გერმანიის საგარეო კატეგორიულად გმობს ელჩისადმი „ოცნების“ აგრესიულ რიტორიკას და მის „უსაფუძვლო დაბარებას“გერმანიის საგარეოს საიტის საკითხი
საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ „გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა“.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, - რომელიც უახლოეს მომავალში ტოვებს თბილისს და პენსიაზე გადის, - რადიო თავისუფლების კითხვაზე ვებსაიტთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს ინფორმაცია „მალე იქნება“ ასახული.
„მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს“, - თქვა მან და დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად თქვა:
„ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ რასაც იქ ვწერთ, გარანტირებულად ზუსტი არ არის. ვფიქრობ, ეს საკითხი დროთა განმავლობაში გაქრება“.
ასევე ნახეთ
პეტერ ფიშერი: თქვი, რა გინდა. ეს შენი ქვეყანაა. ეს შენი მომავალია- 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ელჩად გერმანიაში დაინიშნა 66 წლის ალექსანდრე კარტოზია, საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში, 1998–2004 წლებში.
- პროფესორი კარტოზია წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. მან 2022 წელს მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენი, „დამსახურების ჯვარი“, რომელიც გერმანიის მაშინდელმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადასცა.
- საქართველოს 2024 წლის ბოლოდან აღარ ჰყავდა გერმანიაში ელჩი. ამ პოზიციას ბოლოს იკავებდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია, რომლის გამოსამშვიდობებელი შეხვედრაც 2024 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა.
- თბილისსა და ბერლინს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია და იმაზე დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში.