ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი ჩიხლაძე დაკავებისას, 30 მაისი, 2026 წელი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ დღეს, 1 ივნისს მიიღო. სასამართლო სხდომა დახურულ ფორმარტში ჩატარდა.

პატიმრობის, როგორც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, პროკურატურა მოითხოვდა. დაცვის მხარე კი ჩიხლაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას სთავაზობდა.

რას ედავებიან ირაკლი ჩიხლაძეს

ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩიხლაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბრალდების მტკიცებით, ირაკლი ჩიხლაძე "უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".

ადვოკატის პოზიცია

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა გიორგი გელახაურმა ჟურნალისტებს უთხრა: "მოლოდინი რაც იყო - სასამართლომ დატოვა პატიმრობაში ირაკლი ჩიხლაძე".

"კითხვები დავსვი, რა საიდუმლო ინფორმაცია ან შემცველი დოკუმენტი მიაწოდა საკონტაქტო პირს, ეს მაინტერესებდა. ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატებოდა? პასუხები ვერ მივიღე. არცერთი პუნქტი, რომლებსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი - ჯაშუშობა არ დარღვეულა ირაკლი ჩიხლაძის მიერ, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო", - თქვა ადვოკატმა.

მისი სიტყვებით, პროკურატურამ და გამომძიებლებმა მათ საუბარი აუკრძალეს "გაუთქმელობაზე ხელმოწერით", შესაბამისად, საქმის მასალებზე ვერ ისაუბრებს.

"პროკურორმა მოხსნას გრიფი "საიდუმლო" და მერე ყველა მასალაზე ვისაუბრებ, რასაც ედავებიან ირაკლი ჩიხლაძეს", - თქვა გიორგი გელხაურმა, რომლის სიტყვებითაც, ირაკლი ჩიხლაძე, "ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, მას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია" სასამართლო სხდომაზეც.

"მე ვკითხე, ირაკლი, რა შეიძლება იყოს, რისთვისაც ისჯები, მაგრამ ის გაოგნებულია და არ იცის, ის სახელმწიფოს საზიანოდ არაფერს არ აკეთებდა და არც ახლა გაუკეთებია და მისთვის გაუგებარია რისთვის ისჯება", - ამბობს გიორგი გელხაური.

ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები გააცნეს, მაგრამ საქმის მასალები არ გადასცემიათ.

ასევე ნახეთ

„ასეთი აბსურდი არასდროს მინახავს“ - ჯაშუშობის მუხლით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინეს

პროკურორის პოზიცია

ირაკლი ჩიხლაძის საქმის და ასევე, ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დაკავებული კიდეც ერთი პირის, გულბაათ რცხილაძის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილის თანახმად: "საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან. ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვების და გადაცემის ფაქტებს".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გაავრცელა, ორ სხვადასხვა ბრიფინგზე. გულბაათ რცხილაძეს ორი ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობას ედავებიან, ირაკლი ჩიხლაძეს ერთის. არცერთი ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროდვე. ასევე უცნობია აკავშირებს თუ არა გამოძიება ამ ორ საქმეს ერთმანეთთან.

პროკურორის თქმით, ვერ დაასახელებს ქვეყნებს, რომელთა სასარგებლოდაც ჯაშუშობას ედავებიან ბრალდებულებს, ვინაიდან "ეს დააზიანებს გამოძიების და ქვეყნის ინტერესებს".

"შეგროვებული ინფორმაცია", მისი თქმით, "შეეხებოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობას, ასევე საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებს".

პროკურორის თქმით, როგორც გულბაათ რცხილაძის, ასევე ირაკლი ჩიხლაძის შემთხვევაში დასტურდება თანხის აღების შემთხვევა.

ასევე ნახეთ

ჯაშუშობაში ბრალდებულ გულბაათ რცხილაძეს პატიმრობა შეეფარდა

მამუკა მდინარაძის გამოხმაურება

ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და თქვა, რომ "ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს".

1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს "ჩატარებული ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის".

მდინარაძის თანახმად, "ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა", ანუ წარდგენილი ბრალის მიხედვით, ირაკლი ჩიხლაძე - "იმავე სახელმწიფოს ე.წ. ,,სპეცსამსახურის რეზიდენტს” წარმოადგენდა", "რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული".

მდინარაძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა გიორგი უძილაურს, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც მაისის დასაწყისში დააკავეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე.

8 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა მდინარაძემ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს დააკავეს, “ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნისთვის” ჯაშუშობა ედება ბრალად.

ასევე ნახეთ

„ევროპის ჯაშუშის“ საიდუმლო საქმე - ვისთვის რას ნიშნავს უძილაურის დაკავება?

"ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი ჩიხლაძის შესახებ

ირაკლი ჩიხლაძე „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

„სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ ძირითადად საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ე.წ. „სამოქალაქო მოსმენების“ ორგანიზებით იყო ცნობილი, განსაკუთრებით კონფლიქტებთან და რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე

სხვადასხვა დროს იყო რეგიონებში გამართული შეხვედრების ინიციატორი, მაგალითად, 2015 წელს, გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ სწორედ მისი ორგანიზატორობით გაიმართა სამოქალაქო მოსმენა.

იმავე წელს, მათივე ორგანიზებით ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტები სამომავლო თანამშრომლობის პროექტებზე სასაუბროდ.

ირაკლი ჩიხლაძე აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.

როგორც მისმა მეუღლემ, მაია ნებიერიძემ უთხრა "ტვ პირველს", მისი მეუღლე იყო რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც და მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა.

30 მაისს, სუსში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოებს უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალად ედება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.

მათივე ცნობით, დაკავებული ონლაინპლატფორმის საფარით მართავდა „სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს“.