Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში ბრალდებულ გულბაათ რცხილაძეს პატიმრობა შეეფარდა

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

ჯაშუშობაში ბრალდებულ გულბაათ რცხილაძეს პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა დღეს 1 ივნისს მიიღო. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა მოითხოვდა. რცხილაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას, პასპორტის ჩამორთმევას ან 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.

რას ედავებიან გულბაათ რცხილაძეს

გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულ რცხილაძეს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.

ადვოკატის განმარტება

დაკავებულის ადვოკატის ლაშა გოლუბიანის განცხადებით, გულბაათ რცხილაძეს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია - არც ჩვენება მიუცია, არც ბრალი უღიარებია.

როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ:

"არანაირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და არავის დავალებით არ მოქმედებდა, ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი. ადამიანს რომ ჯაშუშობა დააბრალო ან დაუმტკიცო, უნდა იყოს ორი ფაქტი: სხვა უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედებდეს, აგროვებდეს მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციას და ქვეყანა ზიანდებოდეს. ქვეყნის ინტერესები დააზიანა ბატონმა გულბაათმა? დაგვიდონ მაშინ ფაქტი, რომ რამით დააზიანა ბატონმა გულბაათმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები", - თქვა ლაშა გოლუბიანმა.

ადვოკატის სიტყვებით, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თქვა, რომ "ბატონ გულბაათს საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება არ ჰქონდა. თუ დაშვება არ ჰქონია, მაშინ რა ინფორმაცია გადასცა? მათ ლოგიკას რომ მივყვეთ..."

ლაშა გოლუბიანის ვარაუდით, გულბაათ რცხილაძის დაკავების საფუძველი შესაძლოა იყოს, მის მიერ "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნა".

"ერთია რას შეკერავენ და მეორე, რა გახდა დაკავების რეალური მიზეზი". მისი თქმით დახურულ სასამართლო სხდომაზე ითქვა, რომელ ორ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა ამას ადვოკატი ვერ იტყვის, ვინაიდან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

ადვოკატის თანახმად, მტკიცებულებებად წარმოდგენილია "ბატონი გულბაათის საჯარო აქტივობები", "მას კონსპირაციული შეხვდები არ ჰქონია"

"ბატონი გულბაათი მოტივირებული იყო, რომ ორ ქვეყანას შორის (საქართველოსა და რუსეთს შორის) დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილიყო, ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზება მომხდარიყო, ქართველები პაპუასებივით რა წარმოვჩენილიყავით საერთაშორისო არენაზე. იმიტომ რომ რუსია, იმიტომ ვდევნოთ და ჩავქოლოთ, ეს ფაქტები უნდა გამოევლინა", - თქვა ადვოკატმა.

სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ 30 მაისს გამართულ ბრიფინგი განაცხადა, რომ ბრალდებული „მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით“, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მათ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას გადასცემდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG