უკრაინამ განაცხადა, რომ კრონშტადტის პორტში დაარტყეს რუსეთის სამხედრო გემს

3 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით დაარტყეს პეტერბურგის ნავთობტერმინალსაც

3 ივნისს, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო კრონშტადტის პორტიც, სადაც სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კრონშტადტის პორტში დაარტყეს რუსეთის სამხედრო გემების სადგომს და ინფრასტრუქტურის ობიექტებს და ზიანის მასშტაბი დაზუსტების ეტაპზეა.

  • ფინეთის ყურეში, კუნძულ კოტლინზე მდებარე ქალაქი-პორტი კრონშტადტი ქალაქ სანქტ-პეტერბურგის შემადგენლობაშია. იქ რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზაა.

უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კრონშტადტში დრონებით დაარტყეს კორვეტს „ბოიკი“, რომელიც მართვადი სარაკეტო იარაღის მატარებელია და 2026 წლის თებერვლიდან პორტში იმყოფებოდა გეგმური რემონტისთვის.

ბროვდის თანახმად, გემს ნატოს საზღვრების გასწვრივ „თავგადასავლების ფეერიული ისტორია" აქვს და მას რუსეთი იყენებდა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების თანხლებისთვის.

განახლება: 3 ივნისს დღის ორი საათისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც გამოაქვეყნა ცნობა, რომ საბრძოლო გემი, რომელსაც კრონშტადტში დაარტყეს, წინასწარი მონაცემებით „ბოიკია“ და დადასტურებულია მის ბორტზე მასშტაბური ხანძარი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრონშტადტის პორტზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა პეტერბურგის ნავთობტერმინალზე

3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ დრონებით შეუტია პეტერბურგის ნავთობტერმინალს.

პეტერბურგის ტერმინალი ბალტიის ზღვის რეგიონში მდებარე ერთი-ერთ უმსხვილესი ობიექტია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ სამიზნეებს შორის იყო კრონშტადტის ბაზაც.

ქალაქ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით შეტევა იყო კრონშტადტის, კიროვის და კრასნოსელსკის რაიონების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რამდენიმე მათგანი დაზიანებულია და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ბეგლოვს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.

დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ დრონებით შეტევა იყო „კრონშტადტის საზღვაო ქარხანაზე", რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებს და წყალქვეშა ნავებს ემსახურება.

  • 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით შეტევის დღეს ამ ქალაქში გაიხსნა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც. მისი გამოსვლა 5 ივნისსაა დაგეგმილი.

რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებმა კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს 3 ივნისს მოსკოვში ჰკითხეს, როგორ უპასუხებს რუსეთი პეტერბურგზე უკრაინული დრონებით შეტევას. პესკოვის პასუხი იყო, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია"(ომი უკრაინაში) იმისთვის გძელდება, რომ მსგავსი დარტყმები არ იყოს და ყველას შეახსენებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას „სისტემური ხასიათის" პასუხის შესახებ.