უკრაინის გენშტაბმა, სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს დაახლოებით ერთნაირი შინაარსის ინფორმაცია, რომ ბალტიის ზღვაზე მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს, პეტერბურგის ტერმინალს დრონებით დაარტყეს, რამაც მრავალრიცხოვანი, მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ხაზს უსვამს, რომ სანქციების ქვეშ მყოფ პეტერბურგის ნავთობტერმინალს აქვს 31 რეზერვუარი, რომელთა საერთო მოცულობა 324 000 კუბური მეტრია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 12,5 მილიონი ტონაა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივნისს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1100-ს კილომეტრში მდებარე პეტერბურგის ნავთობტერმინალი, რომელსაც უკრაინის ძალებმა დაარტყეს, „ომზე მუშაობს“.
ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით უკრაინელ მეომრებს „კარგი შედეგები“ ჰქონდათ რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების შედეგად. მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა „სამხედრო სამიზნეები კრონშტადტის ბაზაზე“ და რუსული იარაღის წარმოებაში ჩართული საწარმო ტამბოვის რეგიონში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის ტამბოვის ოლქში დაარტყეს ქალაქ მიჩურინსკში მდებარე სამხედრო დანიშნულების ქარხანა „პროგრესს", სადაც ხანძარი გაჩნდა, ზიანის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს კრონშტადტის პორტში დაარტყეს რუსეთის სამხედრო გემების სადგომსაც და ინფრასტრუქტურის ობიექტებს და ზიანის მასშტაბი დაზუსტების ეტაპზეა.
რა თქვა რუსეთმა
3 ივნისს დილის ცხრა საათისთვის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რეგიონში ჩამოგდებულია 59 უპილოტო საფრენი აპარატი და მათი ნამსხვრევებით ოთხი კერძო სახლია დაზიანებული ლუჟსკის რაიონში.
ქალაქ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით შეტევა იყო კრონშტადტის, კიროვის და კრასნოსელსკის რაიონების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რამდენიმე მათგანი დაზიანებულია და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ბეგლოვს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
ფინეთის ყურეში, კუნძულ კოტლინზე მდებარე ქალაქი-პორტი კრონშტადტი ქალაქ სანქტ-პეტერბურგის შემადგენლობაშია. იქ რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზაა.
დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ დრონებით შეტევა იყო „კრონშტადტის საზღვაო ქარხანაზე", რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებს და წყალქვეშა ნავებს ემსახურება.
მანამდე ASTRA ფოტო და ვიდეომასალების ანალიზის საფუძველზე წერდა როგორც პეტერბურგის ნავთობტერმინალზე, ისე ტამბოვის ოლქის ქალაქ მიჩურინსკში მდებარე ქარხანა „პროგრესზე” შეტევის შესახებ. ეს ქარხანა აწარმოებს დანადგარებს საავიაციო და სარაკეტო ტექნიკის მართვის სისტემებისთვის.
- 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით შეტევის დღეს ამ ქალაქში გაიხსნა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც. მისი გამოსვლა 5 ივნისსაა დაგეგმილი.
ფორუმი