იმედია, შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა - რუბიო

„მართალი ხართ. ყველაფერი, რაც თქვენ აღწერეთ, ჩვენ უკვე გვაშფოთებდა“ - მარკო რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალურ თბილისთან ვაშინგტონის ბოლოდროინდელი კომუნიკაციის შედეგად შეიცვლება არა მხოლოდ ამერიკულ-ქართული ურთიერთობები, არამედ თბილისის „ქცევა“.

3 ივნისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ერთ-ერთი შეკითხვა დაუსვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

უილსონმა საქართველოს ხელისუფლება აღწერა, როგორც „პროირანული რეჟიმი, რომელიც მხარდაჭერილია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ“ და „არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას“.

კითხვაზე პასუხად მარკო რუბიომ განაცხადა:

ასევე ნახეთ

"სუფთა ფურცლიდან" თუ კონკრეტული პირობებით? - როგორ გაიგეს საქართველოში აშშ-ის დელეგაციის გზავნილები

„მართალი ხართ“

„მართალი ხართ“, - მიმართა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენ უილსონს: „ყველაფერი, რაც თქვენ აღწერეთ, ჩვენ უკვე გვაშფოთებდა“.

„მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ ავუხსენით, თუ რას მოითხოვდა ეს, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო.

მივიღეთ გარკვეული დადებითი გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის შეცვლას დავინახავთ არსებული მდგომარეობიდან“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

საჭიროა სტაბილური პოლიტიკური კლიმატი, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას - აშშ-ის დელეგაცია ვიზიტს აჯამებს

იმედია, შეიცვლება „ქცევა“

შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა ჯო უილსონის პასუხად:

„ცხადია, ჩვენ გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ, - ეს ჩვენთვის წინასწარ არსებული პრობლემები. მათ გვკითხეს, „რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის?“

ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

რა ჰკითხა ჯო უილსონმა?

კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვა ასე იყო ფორმულირებული:

„კიდევ ერთი რეგიონი არის სამხრეთი კავკასია, რომელიც კრიტიკულია „ტრამპის მარშრუტისთვის“ (TRIPP), რომელსაც თქვენ მიაღწიეთ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად“, - თქვა უილსონმა.

ასევე ნახეთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მარკო რუბიო მეზობელ სომხეთში

შემდეგ ახსენა საქართველო: ხელისუფლებას „პროირანული რეჟიმი“ უწოდა და თქვა, რომ იგი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერაა მხარდაჭერილი“, „არალეგიტიმურია“ და „საფრთხეს უქმნის ამერიკელების ინტერესებს“.

„საქართველოში არჩევნები გააყალბეს. ისინი ხელს უწყობენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიას“ და თავს არიდებენ თეირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ წახალისებული სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად?“ - ასეთი იყო მისი შეკითხვა.

ჯერჯერობით თბილისს რუბიოს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ირაკლი კობახიძეს 2026 წლის 6 მარტს ნათქვამი აქვს, რომ:

  • „ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1,4%.
  • ასეთ დროს როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ტყუილი და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა“.

„უსამართლობის გაგრძელება იქნებოდა“

სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებამდე ორიოდე საათით ადრე თბილისში ჟურნალისტებს ამერიკასთან ურთიერთობების შესახებ ესაუბრებოდა ირაკლი კობახიძე.

მან ახსენა ბოლოდროინდელი საუბრები სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან, - რომელმაც გასულ კვირაში გამართა შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, - და თქვა:

„ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ“.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელს ეხებოდა, პრემიერმა განაცხადა:

„ჩვენს აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან“.

მისივე თქმით, „ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში“.

ასევე ნახეთ

საკონსტიტუციო სარჩელის გამოტანა უსამართლობის გაგრძელება იქნებოდა - კობახიძე აშშ-სთან მოლაპარაკებებზე

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ შემაჯამებელ განცხადებაში 1 ივნისს, სხვა საკითხებთან ერთად, დაწერა:

  • „მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას“;
  • „დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში“;
  • „შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“.