25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა ირაკლი კობახიძეს, ვიცეპრემიერებს, მაკა ბოჭორიშვილს, მამუკა მდინარაძეს და „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა წარმომადგენლებს - „ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად“.
1 ივნისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვრცელ ცნობაში ვკითხულობთ:
„დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ“.
„შესაძლო თანხვედრის სფეროები“
მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის:
- „ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება,
- სამართლიანი ეკონომიკური გარემო,
- მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა
- და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს.
„ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის“, - აცხადებს დელეგაცია.
„აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. მათ შორის:
- „ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,
- უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება“.
„სტაბილური შიდაპოლიტიკური კლიმატი“
დელეგაცია „სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატის“ საჭიროებაზე საუბრობს:
„მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას“, - წერია შემაჯამებელ განცხადებაში.
„დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში“, - წერს საელჩო.
„შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“, - წერია განცხადებაში.
ოპოზიციასთან შეხვედრებზე
ამერიკულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებსაც უწოდებს „საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს“.
მათ შორის დაასახელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის, - ის ოთხი აქტორი, რომელთაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს.
„დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ“, - წერს დელეგაცია.
„აშშ-ის პოზიცია“
„დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ“, - წერია შემაჯამებელ განცხადებაში.
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“, - წერს დელეგაცია.
„პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
დაბოლოს, დელეგაცია წერს, რომ „შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით“.
ვინ იყო დელეგაციაში
სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდნენ:
- პიტერ ანდრეოლი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი;
- ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი.
დელეგაციას შეხვედრებისას თან ახლდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამწუხარო იქნება, თუკი თბილისი „ორმაგ სტანდარტს“ დაინახავს აშშ-ის მიდგომებში რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში მან ახსენა სომხეთსა და აზერბაიჯანთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები 2026 წელს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაახლა პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სხვა დონეზე აიყვანა, ეს არის აზერბაიჯანი, ეს არის სომხეთი. იქ ხომ არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, - არც პატიმრების გათავისუფლება, არც რაიმე სხვა, ხომ? არავითარი ასეთი წინაპირობა არ ყოფილა“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 28 მაისს.
მისი თქმით, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა იმიტომ შეაჩერა აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, რომ „იყო უსამართლობა“:
„იმიტომ გაწყდა [სტრატეგიული პარტნიორობა], რომ არ ჩავერთეთ ომში და არ გავხსენით მეორე ფრონტი“, - გაიმეორა მან.
ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის მოქმედება ვაშინგტონმა 2024 წლის ნოემბრის მიწურულს შეაჩერა - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს;
თუმცა საკითხი დღემდე არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ გადაუსინჯავს.
სტატუს-კვო შენარჩუნებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების კუთხითაც.
აშშ-ს ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის.
ფორუმი