ისრაელმა და ლიბანმა 3 ივნისს, აშშ-ის შუამავლობითა და ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკებაზე შეათანხმეს ცეცხლის შეწყვეტა - ეს განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
მხარეთა ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების ბედი დამოკიდებულია ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფის, ჰეზბოლას თავდასხმების "სრულ შეწყვეტაზე" და ასევე სხვა პირობებზე. მხარეებმა მათ შორის შეათანხმეს ექსპერიმენტული ზონების შექმნა, რომელთა ტერიტორიებზეც კონტროლს იკისრებენ მხოლოდ ლიბანის შეიარაღებული ძალები.
ლიბანში დაფუძნებული, პროირანული ჰეზბოლა ითავსებს როგორც რადიკალურ დაჯგუფებას, ისე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ლიბანის სამხრეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ისრაელი და აშშ ჰეზბოლას მიიჩნევენ ტერორისტულ ორგანიზაციად, ევროკავშირს შავ სიაში მხოლოდ მისი გასამხედროებული ფრთა ჰყავს შეყვანილი.
დაგეგმილმა ზომებმა ხელი უნდა შეუწყოს მშვიდობისა და უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმებას - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. ამ ჭრილში ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელმა და ლიბანმა მოილაპარაკეს პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვის განახლებაზე 22 ივნისიდან კვირაში, სამომავლო შეთანხმებების მიღწევის მიზნით.
მოლაპარაკების ფარგლებში ისრაელმა დაადასტურა, რომ მისი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ ჰეზბოლას განიარაღებით და მთელი ლიბანის ტერიტორიაზე ჯგუფის ინფრასტრუქტურის დემონტაჟით.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოლაპარაკების მონაწილეებმა დაგმეს ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე განხორციელებული თავდასხმები და მისი ქმედებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას უთხრის ძირს.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გავრცელებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაყჩი აცხადებდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის ნებისმიერ თავდასხმას მოჰყვებოდა "სერიოზული შედეგები და ომის სრული განახლება".