მხარეებს შორის ვაშინგტონში 2-3 ივნისს გამართული მოლაპარაკების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა აშშ-ის, ლიბანის და ისრაელის ერთობლივი განცხადება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ეხება.
შეთანხმების დაცვის პირობაა შიიტთა რადიკალური მოძრაობა ჰეზბოლას მიერ ცეცხლის სრულად შეწყვეტა და მისი შეიარაღებული ჯგუფების გასვლა მდინარე ლიტანიდან სამხრეთში მდებარე სექტორიდან.
- ჰეზბოლას სამხედრო ფრთა ისრაელს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ვაშინგტონის პოზიციაა, რომ ჰეზბოლა არა მხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის, არამედ ლიბანის მტერიცაა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, ლიბანი და ისრაელი აშშ-ის შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში დაიწყება შექმნა საცდელი ზონების, რომლებსაც მხოლოდ ლიბანის არმია გააკონტროლებს არასახელმწიფო ძალების მონაწილეობის გარეშე. აშშ ლიბანის სამთავრობო ძალებს მხარდაჭერას ჰპირდება.
ამ ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 22 ივნისის კვირიდან.
ისრაელსა და ლიბანს შორის მომავალი ურთიერთობების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმა სუვერენულმა მთავრობამ და კატეგორიულად უარყოფილია სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო სუბიექტების მცდელობები, მძევლად აიყვანოს ლიბანის მომავალი.
ლიბანის, ისრაელის და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ჰეზბოლა 3 ივნისს არ გამოხმაურებია.
ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელი-ლიბანის მორიგ შეთანხმებას წინ უძღოდა ისრაელის მუქარა, რომ ჰეზბოლას მხრიდან შეტევების გამო მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გააფართოებს. მაისის ბოლოს ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთში ისევ დაბომბა ჰეზბოლას პოზიციები.
საფრთხე შეექმნა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. ირანი, რომლისთვისაც აშშ-თან აპრილიდან მოქმედი დროებითი ზავის ერთ-ერთი პირობა იყო მოკავშირე ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაც, მოლაპარაკებების ჩაშლით იმუქრებოდა.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავების მორიგი ეტაპი დაიწყო ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის(2026 წლის 28 თებერვალი) გამო. ჰეზბოლამ განაახლა ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელზე სარაკეტო შეტევები. თავის მხრივ, ისრაელის არმიამ დაიწყო მასირებული საჰაერო შეტევა, მათ შორის ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე და სახმელეთო ოპერაცია ლიბანის სამხრეთში ე.წ. ბუფერული ზონის შესაქმნელად.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 2200-მდე ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი და ქალი.
მას შემდეგ, რაც აშშ და ირანი შეთანხმდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად 7 აპრილიდან დროებითი ზავის გამოცხადებაზე და თეირანმა პირობად დაასახელა ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაც, ვაშინგტონში დაიწყო ისრაელის და ლიბანის წარმომადგენლების მოლაპარაკებები.
16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მხარეები დროებით ზავზე შეთანხმდნენ. ერთი თვის შემდეგ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 45 დღით გაგრძელდა, თუმცა მალევე დაირღვა.
1 ივნისს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასცა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში ჰეზბოლას პოზიციებზე დარტყმის ბრძანება. ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამური რესპუბლიკა წყვეტს „შეტყობინებების გაცვლას“ შეერთებულ შტატებთან, სანამ ისრაელი ლიბანზე თავდასხმებს არ შეაჩერებს.
1 ივნისს გამოცემა Axios-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უცენზურო ფორმით გააკრიტიკა ბეირუთზე დარტყმის ბრძანების გამო.
ფორუმი