რუსეთის ოფიციალურმა უწყებამ, "როსფინმონიტორინგმა" ვეტერანი უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" და მასთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ჯგუფი დაუმატა "ტერორისტების და ექსტრემისტების" სიას - იუწყება სააგენტო ტასსი.
სიას ასევე დაუმატეს პოლიტიკურ რეპრესიებთან მებრძოლი უფლებადამცველი მედიაპროექტი, "ოვდ-ინფო", "რევოლტ-ცენტრი" და მუზეუმი "პერმი-36".
ოფიციალურად განმარტებული არ არის რატომ მოხვდა "მემორიალის" ჯგუფებთან ერთად სიაში ეს სამი ორგანიზაცია. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, "როსფინმონიტორინგის" მიერ გამოქვეყნებულ სიაში ისინი მითითებულია "მემორიალის" რუსულ და უცხოურ განყოფილებებთან ერთად, თუმცა ამ კავშირის შესახებ ახსნა-განმარტება მოტანილი არ არის.
აპრილის დასაწყისში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა ექსტრემისტულად საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა "მემორიალი", და ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა მისი მუშაობა.
საერთაშორისო ასოციაცია "მემორიალის" მმართველობა მაშინ აღნიშნავდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მოტანილი ორგანიზაცია არ არსებობს. "თუმცა პუტინის რეჟიმის რეპრესიული პრაქტიკებიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა: სარჩელის "მოპასუხე" ასე ბუნდოვნად და გაუგებრად აღინიშნა არა დაუდევრობის გამო, არამედ სრულიად განზრახ. ეს შექმნის საფუძველს რუსეთში შემდგომი რეპრესიებისთვის ნებისმიერი "მემორიალური" ორგანიზაციის, მათი მონაწილეების და მომხრეების წინააღმდეგ", - აცხადებდა "მემორიალი".