უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევაა კიევის და სხვა ოლქებზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 5 ივნისს გაავრცელა კიევის ოლქის ბროვარის რაიონში მდებარე, საკვები პროდუქტების საწარმოზე რუსული დრონებით დრატყმის შედეგების ამსახველი ფოტო

უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კიევის ოლქში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის მორიგ საჰაერო შეტევას.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მიერ 5 ივნისს დილით გამოქვეყნებული ცნობებით, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა კიევის ოლქის ბროვარის რაიონში, სადაც რუსული დრონებით დარტყმა იყო ბავშვთა კვების პროდუქტების საწარმოზე.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, დაღუპულები საწარმოს თანამშრომლები იყვნენ. კიდევ რამდენიმე მაშველებმა გამოიყვანეს ნაწილობრივ დანგრეული შენობიდან.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაიჭრა პავლოგრადის რაიონში, სადაც დაზიანებულია კერძო სახლები და საწარმო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაშავდა სუმის ოლქის კონოტოპის რაიონში. დამწვარია ერთი კერძო სახლი, კიდევ რამდენიმე დაზიანებულია.

ასევე ნახეთ

„ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს“ - კრემლში უკრაინის პრეზიდენტის წერილს უპასუხეს

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 5 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი მართვადი საავიაციო რაკეტით და 216 უპილოტო საფრენი აპარატით.

ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 198 დრონის მოგერიება და 16-ით პირდაპირი დარტყმა 13 ადგილზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, მართვადმა საავიაციო რაკეტებმა სამიზნეებამდე ვერ მიაღწიეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 5 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან დილის შვიდ საათამდე რუსეთის ათ რეგიონში, ყირიმში და აზოვის და შავი ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 123 უკრაინული დრონი. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი აპარატების რაოდენობას.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული გამოცემის, „იზვესტიას" ცნობით, კრასნოდარის მხარეში, აზოვის ზღვაში მდებარე ტაგანროგის ყურეში ტანკერზე და კიდევ ორ სატვირთო გემზე დრონებით შეტევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ

წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტი