Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს“ - კრემლში უკრაინის პრეზიდენტის წერილს უპასუხეს

ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი პრესმდივანი დმიტრი პესკოვი(მარცხნივ)
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი პრესმდივანი დმიტრი პესკოვი(მარცხნივ)

რუსეთის პრეზიდენტისადმი უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილის და ნეიტრალურ ტერიტორიაზე პირისპირ შეხვედრისა და ომის დასრულების შეთავაზების შემდეგ კრემლში ისევ განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 4 ივნისს, ღამით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავად წერილს გაეცნო, პუტინს კი ამის შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონია სამუშაო გრაფიკის გამო.

პესკოვი პუტინს თან ახლავს სანქტ-პეტერბურგში, სადაც საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. 4 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი პეტერბურგში შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტსაც.

კრემლის პრესმდივანმა მედიას უთხრა, რომ „ზელენსკის შეუძლია ნებისმიერ მომენტში მოსკოვში ჩამოვიდეს“. პესკოვმა მოიყვანა პუტინის სიტყვები, რომ თუ ზელენსკის საუბარი სურს, შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადრინდელ განცხადებებსაც, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად, კრემლი მუდმივად პასუხობდა, რომ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

განახლება: 5 ივნისს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა რუსულ მედიასაშუალებებს პეტერბურგში განუცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს „მოახსენეს“ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილის შესახებ, მედიით გავრცელებული ვარიანტი ამოუბეჭდეს, გადასცეს და „ის გაეცნო“.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტისადმი ღია წერილი 4 ივნისს გამოაქვეყნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინის პირადი არჩევანი უწოდა უკრაინის წინააღმდეგ ომს, რომელსაც რეალური მიზეზები არ გააჩნია.

ზელენსკი პუტინს მიმართავს, რომ მისგან განსხვავებით, რუსებს ომი აღარ უნდათ, არ მოსწონთ უკრაინული დრონები და რაკეტები, ბენზინის უკმარისობა და ფასების ზრდა, მუდმივი აკრძალვები, განზრახვა, გამოცხადდეს მობილიზაციის მეორე ტალღა ომის გასაფართოებლად და ის, რომ ომს ბოლო არ უჩანს.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინს ჯერ კიდევ შეუძლია რუსებს ასე არსებობა აიძულოს, მაგრამ მისი რესურსები მნიშვნელოვნად მცირდება, რუსეთის მოქალაქეების ლოიალობის საყიდლად ფული და პოლიტიკური ძალა აღარ ეყოფა და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა მსოფლიომ ამაზე იზრუნოს.

ზელენსკი ღია წერილში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის დიდ დანაკარგებზე, უკრაინის დიდ გამძლეობასა და საერთაშორისო მხარდაჭერაზე, რაც მომავალშიც გაგრძელდება და პუტინს მიმართავს, „არ შეეშინდეს ომიდან გამოსვლის“, უკრაინა ომის დასრულებას სთავაზობს და არჩევანი ახლა მასზეა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა ომის დასრულება პირისპირ შეხვედრით, რომლის პოტენციურ ადგილებად დაასახელა შვეიცარია, თურქეთი და არაბული ქვეყნები და შეხვედრის მკაფიო თარიღის განსაზღვრა.

რაც შეეხება რუსეთის წარმომადგენელთა არაერთ განცხადებას, რომ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს, უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იმ ქმედებების გათვალისწინებით, რასაც პუტინი 26-წლიანი მმართველობის პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ მიმართავს, უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება მოსკოვში, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს - კიევში.

  • უკრაინა მეხუთე წელია ომის მდგომარეობაშია.
  • 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიებიდან და 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმიდან.
  • რუსული არმიის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ შეიარაღებული ფორმირებები მოსკოვის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, რომელთა ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა უკრაინის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა ვერცერთ მათგანზე სრული კონტროლის დამყარება ვერ შეძლო.
  • ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურა.
  • რუსეთმა თავის არმიაში დიდი დანაკარგების გარდა შედეგად მიიღო საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელება და მასშტაბური საერთაშორისო სანქციები და იზოლაცია.



ფორუმი

XS
SM
MD
LG