რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა განახორციელეს ფორმატით „185 185-ის სანაცვლოდ“. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა.
მისი სიტყვებით, 185 სამხედრო ტყვის გარდა სამშობლოში დაბრუნდა ერთი სამოქალაქო პირი.
„გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის დამცველები, რომლებიც იბრძოდნენ ყველა მიმართულებით: ქვეითები, საზღვაო ქვეითები, მედესანტეები, ტერიტორიული დაცვისა და სპეცოპერაციების ძალების მებრძოლები, ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები. იმათი უმრავლესობა, ვისი შინ დაბრუნებაც მოხერხდა, 2022 წლიდან იმყოფებოდა ტყვეობაში. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველებიც,“ დაწერა მან.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინელების განთავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პარტნიორებმა - შეერთებულმა შტატებმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების წინა გაცვლა 2026 წლის 15 მაისს მოხდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ეს იყო „1000 1000-ის სანაცვლოდ“ გაცვლის პირველი ეტაპი.
„თითოეული ქვეყნიდან 1000 ადამიანის“ გაცვლა რომ მოხდება, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 8 მაისს. მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს სიებზე მუშაობა. „ჯერ ეს სია უნდა შევადგინოთ, ვიპოვოთ რეალური ადამიანები, შევთანხმდეთ და შემდეგ დავიწყოთ ფიზიკური გაცვლა“, თქვა მან. უკრაინამ განაცხადა, რომ რუსულ მხარეს გადასცა გაცვლის სიები.