"ბლუმბერგი": 2026 წლის მაისში რუსეთმა რეკორდი დაამყარა ნავთობის ექსპორტში

ექსპორტის მოცულობის ზრდა, სააგენტოს შეფასებით, უკავშირდება უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე.

2026 წლის დაწყებიდან რუსეთის ნედლი ნავთობის გადმოტვირთვის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა დღე-ღამეში 3,46 მილიონი ბარელი, რაც დაახლოებით 120 ათასი ბარელით აჭარბებს 2025 წლის მაჩვენებელს და ასევე აჭარბებს საშუალო წლიურ მაჩვენებელს 2022-2024 წლების პერიოდში.

Bloomberg-ის ინფორმაცია ტანკერებით გადაზიდვების მონაცემებს ეყრდნობა.

ექსპორტის მოცულობის ზრდა, სააგენტოს შეფასებით, უკავშირდება უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე. სააგენტო Reuters-ი მაისის ბოლოს წერდა, რომ ცენტრალურ რუსეთში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს მოუწია წარმოების შეწყვეტა ან შემცირება, უკრაინის დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ. ამ დარტყმების გამო რუსეთის ნავთობის კომპანიებს გაურთულდათ ნედლი ნავთობის გადამუშავება და ისინი ამ საწვავს აქტიურად ყიდიან საზღვარგარეთ.

ზღვაში ტანკერებზე დატვირთული რუსული ნავთობის მოცულობამ მიაღწია 124 მილიონ ბარელს. გადაზიდვების სამეთვალყურეო მონაცემებით, თითქმის მთელი ეს ნავთობი ახლა გზაშია, არაა გაჩერებული ზღვაში.

რუსეთის ნავთობის პროდუქტების აქტიურ მყიდველებს შორისაა ინდოეთი, რომელმაც მაისში რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 63 პროცენტით გაზარდა თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით. ეს მოხდა აშშ-ის მხრიდან რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე.

ახლო აღმოსავლეთში საომარი კონფლიქტისა და ნავთობზე გლობალური ფასების ზრდის გამო რუსეთმა მკვეთრად გაზარდა თავისი შემოსავლები ნავთობის ექსპორტის ხარჯზე.

2026 წლის დასაწყისში რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან იღებდა კვირაში 1-1,2 მილიარდ დოლარამდე თანხას, ხოლო მაისისთვის ეს მაჩვენებელი გაიზარდა კვირაში 2-2,5 მილიარდ დოლარამდე - ეს გამომდინარეობს Bloomberg-ის მიერ დათვლილი მონაცემებიდან. ესაა ყველაზე მაღალი მონაცემი მას მერე, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.

ასევე ნახეთ

Reuters: რუსეთში, სიზრანში მდებარე ნავთობის საწარმო გაჩერდა დრონის თავდასხმის შემდეგ