ამ ცნობას ავრცელებს ისრაელში გამომავალი Ynet-ი, იმ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ თეთრ სახლში ტრამპსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის შინაარსს.
Ynet-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში შეხვედრა 4 ივნისს გაიმართა და დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. საუბრის ფარგლებში განიხილეს მოსკოვსა და კიევს შორის კავშირის დამატებითი არხის შექმნის შესაძლებლობა. წყაროები ამბობენ, რომ ტრამპი დათანხმდა თეოფილე მესამის კანდიდატურის განხილვას შუამავლის როლში.
Ynet-ის ცნობით, ივნისის ბოლოს პატრიარქი შესაძლოა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ თეოფილე მესამის მთავარი უპირატესობაა სტატუსი - "აპოლიტიკური ფიგურა, რომელიც სარგებლობს რელიგიური და მორალური ნდობით".
იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადებით, თეოფილე მესამე უწინარეს ყოვლისა აღქმული უნდა იყოს, როგორც მშვიდობისთვის მომუშავე ფიგურა და არა პოლიტიკური მოღვაწე. პატრიარქის შესაძლო შუამავლობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ არც აშშ-ს, არც რუსეთს და არც უკრაინას.
თეოფილე მესამე იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს. 2013 წელს მან სოჭში გამართა შეხვედრა პუტინთან, 2019 წელს - კრემლში. 2025 წლის ნოემბერში პუტინმა პატრიარქი დააჯილდოვა მეგობრობის ორდენით, "დიდი წვლილისთვის მეგობრობის განმტკიცებაში, თანამშრომლობაში და სულიერ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან".
პატრიარქი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც ინარჩუნებდა კონტაქტს, იგი გამოდიოდა მოწოდებით 2020 წელს იორდანიაში გამართულიყო მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა. 2024 წელს თეოფილე მესამემ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება შეეზღუდათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის მქონე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებები.