„გულწრფელად გითხრათ, არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით“, - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, განაცხადა ჭოუ ციენმა 9 ივნისს.
მან ეს კომენტარი გააკეთა თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავის აღნიშვნის შემდეგ.
9 ივნისსავე თბილისმა და პეკინმა ერთობლივად განაცხადეს, რომ 2023 წელს დადებული „სტრატეგიული პარტნიორობა“ ახალ ეტაპზე - „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე“ - აიყვანეს.
„ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“
„ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და საქართველოსთან ურთიერთობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე“, - თქვა ჭოუ ციენმა.
„არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, - განაცხადა მან.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, რომელ კონკრეტულ კომენტარს გულისხმობდა ელჩი; ასევე, დაუსვეს თუ არა მას შეკითხვა უშუალოდ წარმომადგენელთა პალატის მიერ წუხელ მიღებულ აქტზე - „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტზე“, რომლის ინიციატორიც არის ჯო უილსინი.
ელჩ ჭოუ ციენს სამინისტროში უმასპინძლა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა
ასევე ნახეთ
საქართველო-ჩინეთი „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ გადავიდნენH.R 7668 - აქტი ქვედა პალატამ მიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თბილისის დროით, 9 ივნისის ღამით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.
კანონპროექტი H.R. 7668 ასახავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო უახლოვდება აშშ-ის მთავარი მეტოქეების მიერ კონტროლირებულ პოლიტიკურ ორბიტას.
კანონპროექტი 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. დოკუმენტი ახლა სენატს უნდა გაეგზავნოს კენჭისყრისთვის.
სენატში დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, დაავალდებულებს ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარმოადგინონ საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსეთის და ჩინეთის დაზვერვის უჯრედების შეღწევის, და ასევე რუსეთის და ჩინეთის გავლენების გადაკვეთის და თანამშრომლობის შესახებ.
კანონპროექტის ავტორია რესპუბლიკელი ჯო უილსონი. მას სხვა ინიციატივებიც აქვს საქართველოს შესახებ ინიციირებული.
ასევე ნახეთ
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში ორი შესწორება შედის საქართველოს შესახებ„არასერიოზული კაცი“
9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიღებულ კანონპროექტზეც.
ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი ავტორს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს დღევანდელ ბრიფინგზე, სულ მცირე, სამჯერ უწოდა „აბსოლუტურად არასერიოზული კაცი“ და თქვა:
„ჯო უილსონი წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან“.
შემდეგ ახსენა დონალდ ტრამპის და სი ძინპინის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები:
„მას [პრეზიდენტ ტრამპს] ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს, ამ ფონზე, როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია და რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ბოლოს დასძინა, რომ საქართველო ელის აშშ-სთან კომუნიკაციის შედეგიანად დასრულებას:
„ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს“, - თქვა კობახიძემ.