უფლებამცველთა და ადვოკატთა თქმით, არაერთი შეკითხვა რჩება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, მათ შორის ძირითადი: რატომ დასჭირდა 4 წლამდე დრო დანაშაულის გამოვლენას.
„ტვ პირველის“ მიერ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, ნაშუაღამევს, თბილისში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადამიანთა ჯგუფი შეიკრიბა პროტესტის ნიშნად.
„სამხრე კამერები“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, თამარ ონიანის შეფასებით, „სისტემური ძალადობის ქცევის მოდელების მხოლოდ ინდივიდუალურ გადაცდომებად/დანაშაულებად შეფასება“ არის „ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების გარეშე საპოლიციო ძალადობის ნორმალიზების მცდელობა“.
იგი ასე ასაბუთებს თავის პოზიციას:
- „თუ დაახლოებით 4 წელი დასჭირდა სისტემას თავად სისტემის წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძალადობის ფაქტის გამოვლენად -
- რატომ დაჩქარებული წესით არ შევა ცვლილება კანონმდებლობაში და სავალდებულოდ განისაზღვრება და გაკონტროლდება სამხრე კამერების აქტივაცია ყველა საპოლიციო ღონისძიების დროს? ასევე, საპოლიციო ღონისძიების განხორციელება მხოლოდ კამერით აღჭურვილ ოთახში“?
თამარ ონიანი ასევე იხსენებს 2024 წლის საპროტესტო აქციებისას დემონსტანტზე, ჟურნალისტსა და პოლიტიკოსზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ხუთი სპეცრაზმელის საქმეს, - ისინი მაისში დააკავეს, - და წერს:
- „თუ დაახლოებით 1.5 წელი დასჭირდება ასობით ნაწამები ადამიანის საქმეზე მხოლოდ სამ დაზარალებულთან მიმართებით 5 პოლიციელის დაკავებას -
- რატომ დაჩქარებული წესით არ შევა ცვლილება კანონმდებლობაში და სავალდებულოდ განისაზღვრება მაიდენტიფიცირებელი ნიშნების ტარება ყველა სპეცრაზმელისათვის“?
10 შეკითხვა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე წერს, რომ სახელმწიფო უწყებების განცხადებების მიუხედავად, არაერთი შეკითხვა ჩნდება ამ საქმესთან დაკავშირებით.
იგი 10 შეკითხვას ჩამოთვლის. ესენია:
- „ოთხი წლის განმავლობაში სად იყო გამოძიება?
- რატომ გააკეთა აღნიშნული განცხადება შსს-მ და არა პროკურატურამ ანუ იმ უწყებამ, რომელსაც მსგავს შემთხვევებზე გამოძიების წარმოების ვალდებულება აკისრია და რომლის როლიც სწორედ ამგვარ საქმეებში ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა?
- რესპონდენტი ასევე აცხადებს, რომ არსებობს სხვა, კიდევ უფრო მძიმე კადრებიც. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით რა იცის და რა (არ) გააკეთა სახელმწიფომ?
- დაკავებულთა შორის არიან თუ არა ამ სამმართველოს ხელმძღვანელი პირები? რთულად წარმოსადგენია, რომ პოლიციის განყოფილებაში, სადაც არსებობს ვიდეოკონტროლი, მკაფიო იერარქია და შიდა ზედამხედველობის მკაცრი პრაქტიკები, მსგავსი ფაქტების შესახებ ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონოდა.
- რა კონტექსტი ქონდა მომხდარ ძალადობას და რას სოციალურ პრაქტიკას აჩვენებს ის?
- რა კვალიფიკაცია მიეცა მომხდარ ქმედებას და გამოიყენეს თუ არა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები?
- რა გააკეთა სახელმწიფომ დაზარალებულების დასაცავად და მათი უფლებების აღდგენისთვის?
- აღნიშნული პოლიციელები მინიმუმ 4 წელი იკავებდნენ თანამდებობებს და ალბათ კიდევ არა ერთი დანაშაული ჩაიდინეს, გამოიძია კი სახელმწიფომ სხვა პოტენციური დანაშაულის და ძალადობის შემთხვევებიც?
- საერთოდ რატომ ფოკუსირდება სახელმწიფოს რეაგირება მხოლოდ ინდივიდუალურ პოლიციელებზე და არა ძალადობის სისტემურ და ინსტიტუციურ პირობებზე?
- და რაც ყველაზე მთავარია: რა გამორიცხავს იმას, რომ მსგავსი ან უფრო მძიმე პრაქტიკა არ გრძელდება დღესაც განსაკუთრებით 2024 წლის საპროტესტო პროცესების დროს გამოვლენილი სასტიკი, მასობრივი და კოორდინირებული საპოლიციო ძალადობის ფონზე, რომელიც ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა [შეგახსენებთ, რომ გორში სასტიკი და კოლექტიური საპოლიციო ძალადობის შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა]?
ასევე ნახეთ
„ცემა პოლიციის განყოფილებაში სადისტური წესებით“ - „ტვ პირველი“ ანონსს აქვეყნებს, შსს და პროკურატურა ეხმაურებიანრა კადრებზეა საუბარი?
ნოდარ მელაძემ 12 ივნისს 22:50 საათზე გამოაქვეყნა თავისი საავტორო გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ 13 ივნისის გამოშვების ანონსი.
დაახლოებით 2-წუთიან ანონსში ჩანს ახალგაზრდებზე პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილ პოლიციელთა მიერ გამეტებით ცემა.
ჟურნალისტის ცნობით, კადრებში ასახული ძალადობა ემსახურებოდა შსს-ს თანამშრომელთა მიერ სასურველი ჩვენების მოპოვებას.
ვიდეოში ისმის, როგორც ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე: „არაფერი არ ვიცი“, რის შემდეგაც პოლიციელი თავში ურტყამს ხელს, ასევე, თმაზე ძლიერად ქაჩავს.
ჩანს, როგორ ურტყამენ წიხლებსა და მუშტებს განყოფილებაში გადაყვანილ მოქალაქეებს.
„ტვ პირველის“ თანახმად, კადრებს პოლიციელები იღებდნენ.
შსს და პროკურატურა ადასტურებენ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას, რაზეც „ტვ პირველმა“ ჯერ მხოლოდ ანონსი გამოაქვეყნა.
ანონსის გასვლიდან ორიოდე საათში ორივე უწყება აცხადებს, რომ ეს 2022 წლის საქმეა, რაც 2026 წელს გამოვლინდა და 2026 წლის თებერვალში სამი პოლიციელი დააკავეს.
ამ განცხადებებში არაფერია ნათქვამი ძალადობის იმ სხვა სავარაუდო ფაქტებზე, რაზეც „ნოდარ მელაძის შაბათი“ ასევე იუწყება და რაც, ჟურნალისტის თანახმადვე, სისტემურია.
უცნობია, რა ბრალდებით წაუყენეს დაკავებულებს ბრალი - მათ შორის, წაუყენეს თუ არა წამების/არაადამიანური მოპყრობის მუხლით.
ამ ამბის გახმაურებას წინ უძღოდა 2026 წლის მაისის ბოლოს გორში პოლიციელთა მიერ მოქალაქეზე ჯგუფურად ძალადობის კადრების გასაჯაროვება, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.