Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცემა პოლიციის განყოფილებაში სადისტური წესებით“ - „ტვ პირველი“ ანონსს აქვეყნებს, შსს და პროკურატურა ეხმაურებიან

„ტვ პირველის“ ანონსს გამოქვეყნებიდან მალევე გამოეხმაურნენ შსს და პროკურატურა, დაადასტურეს კადრების ნამდვილობა, თუმცა თქვეს, რომ „2022 წლის საქმეა“
„ტვ პირველის“ ანონსს გამოქვეყნებიდან მალევე გამოეხმაურნენ შსს და პროკურატურა, დაადასტურეს კადრების ნამდვილობა, თუმცა თქვეს, რომ „2022 წლის საქმეა“

შსს და პროკურატურა ადასტურებენ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას, რაზეც „ტვ პირველმა“ ჯერ მხოლოდ ანონსი გამოაქვეყნა: „ცემა პოლიციის განყოფილებაში სადისტური წესებით“.

ანონსის გასვლიდან ორიოდე საათში ორივე უწყება აცხადებს, რომ ეს 2022 წლის საქმეა, რაც 2026 წელს გამოვლინდა და 2026 წლის თებერვალში სამი პოლიციელი დააკავეს.

ამ განცხადებებში არაფერია ნათქვამი ძალადობის იმ სხვა სავარაუდო ფაქტებზე, რაზეც „ნოდარ მელაძის შაბათი“ ასევე იუწყება და რაც, ჟურნალისტის თანახმადვე, სისტემურია.

უცნობია, რა ბრალდებით წაუყენეს დაკავებულებს ბრალი - მათ შორის, წაუყენეს თუ არა წამების/არაადამიანური მოპყრობის მუხლით.

„ტვ პირველის“ მიერ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, ნაშუაღამევს, თბილისში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადამიანთა ჯგუფი შეიკრიბა პროტესტის ნიშნად.

ამ ამბის გახმაურებას წინ უძღოდა 2026 წლის მაისის ბოლოს გორში პოლიციელთა მიერ მოქალაქეზე ჯგუფურად ძალადობის კადრების გასაჯაროვება, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

რა ჩანს კადრებში

ნოდარ მელაძემ 12 ივნისს 22:50 საათზე გამოაქვეყნა თავისი საავტორო გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ 13 ივნისის გამოშვების ანონსი.

დაახლოებით 2-წუთიან ანონსში ჩანს ახალგაზრდებზე პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილ პოლიციელთა მიერ გამეტებით ცემა.

ჟურნალისტის ცნობით, კადრებში ასახული ძალადობა ემსახურებოდა შსს-ს თანამშრომელთა მიერ სასურველი ჩვენების მოპოვებას.

ვიდეოში ისმის, როგორც ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე: „არაფერი არ ვიცი“, რის შემდეგაც პოლიციელი თავში ურტყამს ხელს, ასევე, თმაზე ძლიერად ქაჩავს.

ჩანს, როგორ ურტყამენ წიხლებსა და მუშტებს განყოფილებაში გადაყვანილ მოქალაქეებს.

„ტვ პირველის“ თანახმად, კადრებს პოლიციელები იღებდნენ.

„2022 წლის ზაფხულში“

ღამის პირველის ნახევრისთვის, - ისე, რომ მეორე დღეს სრული გადაცემის ეთერში გასვლას არ დალოდებიან, - ანონსს გამოეხმაურნენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე პროკურატურა.

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული“, - აცხადებს შსს.

დაკავება - 4 წლის შემდეგ

შსს-ს განცხადებითვე, ეს დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოავლინა შსს-ს გენერალურმა ინსპექცია, „საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება“.

უწყების თანახმად, 2026 წლის 23 თებერვალს პროკურატურამ სამივე პოლიციელი დააკავა.

პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ „საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია“.

ორივე უწყებამ პრეტენზია გამოხატა ტელეკომპანიის მიმართ, რომ ეს ინფორმაცია, - რაც, მათი თქმით, ტელეარხს მიაწოდეს, გადაცემის ანონსში არ ჩაუსვამთ.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდა პოლიციელთა ძალადობის გამოვლენას ოთხ წლამდე დრო; არაფერია ნათქვამი ანონსში ნათქვამ არც სხვა დეტალებზე.

გადაცემა და, შესაბამისად, სიუჟეტი შაბათს, 13 ივნისს, 20:00 საათზე გავა „ტვ პირველის“ ეთერში.

„საერთო ჩატი“ და „სხვა ფაილები“

„ეს არ არის ერთი მსხვერპის ამბავი და ერთი პოლიციელის ჩადენილი სასტიკი დანაშაული“, - ამბობს ანონსში ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე.

მისი ვარაუდით, „შეუძლებელია“, რომ ამის შესახებ ხელმძღვანელი პირები არ ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი. ეს იმიტომ, რომ მისი ცნობით:

  • „პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩატში აგზავნიდნენ“;
  • „ვინც ეს ჩატი გატეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს“.

ტელეკომპანიის რესპონდენტი - ასაკოვანი ქალი - ამბობს, რომ მისი შვილის კომპიუტერში არის სხვა ფაილები, სადაც ძალადობა ჩანს:

„სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე“, - ამბობს ის და დასძენს, რომ მსხვერპლებს აშიშვლებდნენ კიდეც.

პოლიციელთა ჯგუფური ძალადობა გორში

2026 წლის 27 მაისს პოლიციამ გორში მოქალაქეზე პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა.

ძალადობას შემთხვევით შეესწრო ორი ჟურნალისტი, რომლებმაც კადრები გადაიღეს.

თავდაპირველად ნაცემი მოქალაქე დააკავეს, ჟურნალისტების მიერ გადაღებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი პროკურორმა მისი იზოლატორიდან გათავისუფლება მოითხოვა, - თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება გრძელდება.

29 მაისს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი კაცების ადვოკატს პროკურატურამ გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრა, რაც ნიშნავს, რომ დაზარალებულ მხარეს მტკიცებულებებზე საჯაროდ საუბარი აეკრძალა.

30 მაისს თბილისში შაბათის ტრადიციული მსვლელობა, - რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პრო-დასავლური ანტისამთავრობო დემონსტრაციების ნაწილია, - გაიმართა „ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ“, გორის ინციდენტის გასაპროტესტებლად.

ფართო კონტექსტი

საქართველოს სახალხო დამცველი 2025 წლის შემაჯამებელ ანგარიშში „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აღწერს, რომ:

  • „არასათანადო მოპყრობის გამოვლენა და რეაგირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სათანადო დოკუმენტირებაზე“;
  • „ბრალდებულის დაკავების ოქმის ფორმა მკაფიოდ არ მოითხოვს დაკავების გარემოებების დეტალურ აღწერას, ადმინისტრაციული დაკავების ფორმები კი კიდევ უფრო ნაკლებ ინფორმაციული გახდა“;
  • „2025 წელს დამუშავებული 297 შემთხვევიდან 54 შემთხვევაში დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია იზოლატორებში დაცულ სამედიცინო ჩანაწერებში“;
  • ეს ომბუდსმენის მიერ დამუშავებული შემთხვევების 18.2%-ს შეადგენს.

ომბუდმენის ანგარიშის თანახმად, „ამ შემთხვევაში ჩნდება მყარი პრეზუმფცია, რომ, შესაძლოა, დაკავებული პირი პოლიციის კონტროლის ქვეშ დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას“.

რა კითხვები აქვთ უფლებადამცველებს?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე წერს, რომ სახელმწიფო უწყებების განცხადებების მიუხედავად, არაერთი შეკითხვა ჩნდება ამ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის:

  • „ოთხი წლის განმავლობაში სად იყო გამოძიება“?
  • „რესპონდენტი ასევე აცხადებს, რომ არსებობს სხვა, კიდევ უფრო მძიმე კადრებიც. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით რა იცის და რა (არ) გააკეთა სახელმწიფომ“?
  • „დაკავებულთა შორის არიან თუ არა ამ სამმართველოს ხელმძღვანელი პირები? რთულად წარმოსადგენია, რომ პოლიციის განყოფილებაში, სადაც არსებობს ვიდეოკონტროლი, მკაფიო იერარქია და შიდა ზედამხედველობის მკაცრი პრაქტიკები, მსგავსი ფაქტების შესახებ ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონოდა“;
  • „რა კონტექსტი ქონდა მომხდარ ძალადობას და რას სოციალურ პრაქტიკას აჩვენებს ის“?
  • „რა კვალიფიკაცია მიეცა მომხდარ ქმედებას და გამოიყენეს თუ არა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები“?
  • „აღნიშნული პოლიციელები მინიმუმ 4 წელი იკავებდნენ თანამდებობებს და ალბათ კიდევ არა ერთი დანაშაული ჩაიდინეს, გამოიძია კი სახელმწიფომ სხვა პოტენციური დანაშაულის და ძალადობის შემთხვევებიც“?

ფორუმი

XS
SM
MD
LG