8 დაღუპული - კალიფორნიაში ჩამოვარდა ამერიკული ბომბდამშენი B-52

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენი B-52(საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში ჩამოვარდა სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენი B-52. დაიღუპა ბორტზე მყოფი 8 ადამიანი.

სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაბაზა „ედვარდსიდან“ აფრენის შემდეგ მალევე, 15 ივნისს ღამით ჩამოვარდა. თვითმფრინავს გეგმური საცდელი ფრენა უნდა შეესრულებინა.

სამხედრო-საავიაციო ბაზის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ჰეიზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საშინელი ტრაგედია მოხდა და რვა შესანიშნავი ამერიკელი დაკარგეს. ბორტზე იმყოფებოდნენ სამხედროები და სამოქალაქო პირები - მთავრობის და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.

კომპანია Boeing-მა, რომელიც B-52 ტიპის ბომბდამშენებს აწარმოებს, განაცხადა, რომ თვითმფრინავში კომპანიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.

„ედვარდსის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი ბომბდამშენი ბაზის რადიოლოკაციური საშუალებების მოდერნიზაციის პროგრამაში მონაწილეობდა. კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ასევე ნახეთ

რუსეთში ჩამოვარდა სტრატეგიული ბომბდამშენი

როგორც CNN-ი წერს, 15 ივნისის კატასტროფა აშშ-ში B-52-ის მონაწილეობით ყველაზე დიდი მსხვერპლის გამომწვევი კატასტროფაა 1982 წლის შემდეგ, როცა საკრამენტოს მახლობლად სასწავლო-საცდელი ფრენისას ამ ტიპის ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.

სასიკვდილო შედეგის გამომწვევი წინა ინციდენტი 2008 წელს მოხდა. B-52 კუნძულ გუამის მახლობლად, წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა. დაიღუპა 6 სამხედრო მოსამსახურე.

შეერთებული შტატების არმია B-52-ებს 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან იყენებს. ამჟამად სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაშია ამ ტიპის 70-ზე მეტი ბომბდამშენი. B-52-ები მონაწილეობდნენ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ბოლო, 2026 წლის სამხედრო ოპერაციაშიც.

ასევე ნახეთ

ტრამპის და ირანის თქმით, ომის დასრულების შესახებ მემორანდუმი შეთანხმებულია - რა ვიცით?