უკრაინის დრონებით შეტევის შემდეგ მოსკოვში მკვეთრად მოიმატა ბენზინის ფასმა

უკრაინის დრონებით შეტევის შემდეგ მოსკოვში მკვეთრად მოიმატა ბენზინის ფასმა, 2026 წლის 20 ივნისი

რუსეთში, მოსკოვის რეგიონში მკვეთრად მოიმატა ბენზინის ფასმა - იუწყება "კომერსანტი", ადგილობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ერთი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი მოსკოვში გაიზარდა თითქმის ორი რუბლით და ერთი ლიტრის ფასმა გადააჭარბა 75 რუბლს (1,03 ამერიკული დოლარი), ხოლო მოსკოვის შემოგარენში ზრდა 3 რუბლით იყო. ანალოგიური ვითარებაა დიზელის საწვავზეც.

ბაზრის მონაწილეები მთავარ მიზეზად ასახელებენ უკრაინის დრონებით სისტემატურად განხორციელებულ დარტყმებს ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე. მაისის განმავლობაში იერიშის სამიზნე გახდა 16 საწარმო - მათ შორის რვა ქვეყნის ათი უმსხვილესი ამგვარი საწარმოდან.

ასევე ნახეთ

უკრაინული დრონები რუსეთის საწვავის სისტემას ანგრევენ - დეფიციტი უკვე 53 რეგიონშია

16 ივნისის ღამეს დრონებმა დააზიანეს მოსკოვის კაპოტნიას საწარმოს მოწყობილობა, რომელზეც ქარხნის სიმძლავრის ნახევარზე მეტი მოდის. კიდევ ორი დღის შემდეგ საწარმო კვლავ დაექვემდებარა თავდასხმას და იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო უზრუნველყოფს რეგიონში ნავთობის გადამუშავების 40-მდე პროცენტს და საწვავის ადგილობრივი ბაზრის დიდ წილს.

საწვავის დეფიციტის ფონზე რუსეთში და ანექსირებულ ყირიმში ზოგიერთმა ქსელმა შეზღუდვები დააწესა ბენზინის და დიზელის გაყიდვაზე. ზოგიერთ რეგიონში აკრძალულია საწვავის გაყიდვა კანისტრებით, ასევე შემოღებულია ზედა ზღვარი ერთი ავტომობილის საწვავით შევსებაზე.

რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რამდენიმე მსხვილ ქსელს ახსნა-განმარტების გაკეთება მოსთხოვა ფასების მკვეთრ ზრდაზე. ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ საწვავის დეფიციტი შესაძლოა სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს, ხოლო საწვავის კრიზისი გახდება ერთ-ერთი ფაქტორი ინფლაციის დაჩქარებისა წლის მეორე ნახევარში.

ასევე ნახეთ

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო - მეორედ ბოლო სამ დღეში