უკრაინული მხარის ცნობით, რუსული დრონებით შეტევა იყო უცხოურ სატვირთო გემებზე

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ 29 მაისსაც განაცხადა, რომ ოდესის რაიონში რუსული დრონით დარტყმა იყო თურქულ სატვირთო გემზე

უკრაინამ რუსეთი ისევ დაადანაშაულა სამოქალაქო სატვირთო გემებზე დრონებით შეტევაში.

22 ივნისს დილით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ რუსული დრონით დარტყმა იყო პანამის დროშით მცურავ სატვირთო გემზე VICTRESS, რომლის მფლობელიც თურქეთია.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, გემზე, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 9 წევრი, თურქეთის, ეგვიპტის და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. სამხედრო-საზღვაო ძალების თანახმად, კატერებით განახორციელეს ეკიპაჟის წევრთა ევაკუაცია, თუმცა მათ შორის დანაკარგია. სარდლობას დაღუპულთა რიცხვი არ დაუსახელებია.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის მიერ 22 ივნისს დილით გავრცელებული ცნობით, დაღუპულია ეკიპაჟის ერთი წევრი, 58 წლის მზარეული. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ინფორმაციით, ეკიპაჟის დაღუპული წევრი ეგვიპტის მოქალაქე იყო.

საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდნენ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი, პალაუს და ბელიზის დროშებით მცურავი სატვირთო გემებიც. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

პორტების ადმინისტრაციამ რუსეთი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევასა და საერთაშორისო ნაოსნობისთვის საფრთხის შეგნებულად შექმნაში.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, სამივე სატვირთო გემი ოდესის ოლქის პორტებისკენ მიემართებოდა.

ასევე ნახეთ

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე დარტყმაში

რამდენიმე დღის წინ, 19 ივნისს უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, უკრაინის საზღვაო დერეფანში რუსული დრონებით შეტევა იყო პანამის და სენტ-კიტსისა და ნევისის დროშებით მცურავ სატვირთო გემებზე. დაიღუპა ერთი მეზღვაური და ხუთი დაიჭრა.

29 მაისს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ რუსეთი დაადანაშაულა ოდესის პორტიდან თურქეთისკენ მიმავალ სატვირთო გემზე დრონით დარტყმაში. ვანუატუს დროშით მცურავ გემზე ANT, რომლის მფლობელი ქვეყანა თურქეთია, ეკიპაჟის ორი წევრი დაიჭრა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მაისს დაადასტურა, რომ თურქულ სატვირთო გემზე შეტევა იყო და მოითხოვა შავ ზღვაში ესკალაციის შეწყვეტა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქულ გემზე დარტყმა უარყო და პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა.

ასევე ნახეთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვს კიევთან შუამავლობის შეთავაზება გაუმეორა და შავ ზღვაში სიფრთხილისკენ მოუწოდა

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალები პერიოდულად უტევენ რუსეთის ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეულ სატვირთო გემებს.

ბოლო თვეებში გემებზე დრონებით არაერთი დარტყმა იყო შავი ზღვის თურქეთის აკვატორიაშიც. უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშულებდნენ. თურქეთის მთავრობამ პროტესტი ორივე ქვეყნის მიმართ გამოხატა.