ჩოხელი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ რუსეთის ინტერესების გატარების ბრალდებით სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მსგავსად, საქართველოში არ იმყოფება.
- ფარცხალაძეს საქართველოში არაერთ საქმეზე დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული - მათ შორის „კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით.
ასევე ნახეთ
პროკურორი მიესალმება, ადვოკატები ასაჩივრებენ მიქაძეების განაჩენს ჯანგველაძის საქმეზე„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 24 ივნისს განაცხადა, რომ გახსნა საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას; ასევე:
- დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას (ანუ ფულის გათეთრებას) და
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.
უწყების განცხადებით, დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. სწორედ ამ სამიდან ერთ-ერთია მიხეილ ჩოხელი.
„ფინანსური პოლიცია“ ასევე წერს, რომ დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც „ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას“.
ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.
ასევე ნახეთ
"სააფთიაქო ნარკომანია": სად არის გამოსავალი?რას ედავებიან მათ
საგამოძიებო უწყების განცხადებით, ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ.
ისინი, ბრალდების თანახმად, წლების განმავლობაში „პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და მოქმედებდნენ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ“.
გამოძიების ვერსიით, ეს იყო „ფართომასშტაბიანი ქსელი“, რომელიც ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ გავრცელებას უწყობდა ხელს - და იგი „ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა“.
„პროცესს ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები“, - ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.
როგორ მუშაობდა სქემა - ბრალდების ვერსია
ბრალდების თანახმადვე:
- დანაშაულის დასაფარად, იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე;
- თუმცა რეალურად, ეს მედიკამენტები „ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ“;
გამოძიების მტკიცებით, ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა.
ამ შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, - „გათეთრების“ მიზნით - ბრალდების თანახმად, თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით.
„ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით, ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში მოხდება ზიანის ანაზღაურება“, - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ
„სააფთიაქო ნარკომანია“ ახალი გამოწვევების წინაშერა შუაშია მიხეილ ჩოხელი
დღის ბოლოს „ტვ პირველთან“ საუბარში ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ ჩოხელი ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელსაც ბრალს დაუსწრებლად წაუყენეს.
„ბრალის შინაარსი ალოგიკურია ჩვენთვის. მაგრამ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებასთან შეხებას გამოვრიცხავთ“, - ამბობს იგი.
მართალია, ადასტურებს, რომ ჩოხელი ფლობდა „ფარმაცევტულ კომპანიას“, - „კაცი იყო და არის ბიზნესმენი“, - თუმცა „კომპანიის ფლობა არ ნიშნავს, რომ ვინმე კომპანიის მფლობელი ან დამფუძნებელი ან მესაკუთრე დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის“.
„მასალებს რომ ჩავიბარებთ, ვნახავთ რა წერია, როგორი ზღაპარია შეთხზული“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
ელისო კილაძეს და 5 ბრალდებულს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს, - ზოგიერთს დაუსწრებლადვინ არის მიხეილ ჩოხელი
მიხეილ ჩოხელი არის აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დიდი ხნის მეგობარი. მედიაში ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მისი გარემოცვის წევრს.
ის არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ფარცხალაძე, 2013 წელს მთავარ პროკურორად დანიშვნამდე, სწორედ ამ უწყებას ხელმძღვანელობდა.
- ჩოხელი 2013 წლამდე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი;
- მანამდე - უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე კი - ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
მოგვიანებით, დაახლოებით 2014-16 წლებში, მიხეილ ჩოხელი მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
იგი თან ახლდა ოთარ ფარცხალაძეს 2017 წლის 13 მაისს - გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე ძალადობის ინციდენტისას. სწორედ ჩოხელი დააჯარიმეს ამ საქმეზე.
ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან 22 ოქტომბერს ჩხრეკისას 2 904 900 აშშ დოლარი „ამოიღეს“.
მიხეილ ჩოხელი ასევე ბრალდებულია „ქოლცენტრების საქმეზეც“, - ფარცხალაძესთან, ჟურნალისტ ელისო კილაძესთან, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან და სხვებთან ერთად.