„ტელეკომპანია „პირველს“ ახალი ჯარიმა დაეკისრა ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა „ოლიგარქი“, რაც მიკერძოებულად ჩაითვალა, მაშინ როდესაც პროსამთავრობო მედია თავისუფლად იყენებს პარტიულ ენას ყოველგვარი სანქციების გარეშე“, - წერს ორგანიზაცია X-ზე.
„ეს ორმაგი სტანდარტი აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელ მედიას ესხმის თავს“, - წერია მოკლე განცხადებაში.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ყველა მედია საშუალების მიმართ თანაბარ მოპყრობას მოითხოვს“.
ტვ პირველი 2500 ლარით დააჯარიმეს
კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზია „TV პირველი“ სამართალდამრღვევად ცნო ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოცნების გამოძიება“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“ და ა.შ.
„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“, - აცხადებენ კომისიაში.
„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე კომუნიკაციების კომისიაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს.
ფართო კონტექსტი
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ 21 მაისს ტელეკომპანია „ფორმულის“ შემთხვევაში. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტელეარხს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს შემდეგი ტერმინების: "ოცნების" შსს, "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი, პროსამთავრობო "რუსთავი 2" და სხვა გამოყენებისთვის.
ასევე ნახეთ
„ოცნების შსს-ს“ თქმა კომისიამ კანონდარღვევად მიიჩნია და „ფორმულა“ დააჯარიმა2025 წლის თებერვალში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლების ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით ეთიკური დილემების განხილვა თვითრეგულირების ნაცვლად კომუნიკაციების კომისიას დაევალა. კანონი გასული წლის 1 აპრილს ამოქმედდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება:
- აიკრძალა ტელემაუწყებლებისთვის გრანტის მიღება;
- სხვა მედიასაშუალებების ან არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობის თანხმობა;
- გამკაცრდა რეგულაცია აქციების გამართვაზე.