ცოტნე ივანიშვილი: პარლამენტში ჩხუბი მამაჩემისთვის სამწუხარო დასანახი იყო 

ცოტნე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის შვილი.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ჩხუბში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისე მისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის] ეს ყველაფერი იყო სამწუხარო დასანახი. რა თქმა უნდა, პირადად თვითონაც დაინტერესდება, თუ რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია. ვერბალურიც და ფიზიკური ძალადობაც დაიწყო გახარიას პარტიის წევრებმა...“ - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.

ჟურნალისტებმა მას რამდენჯერმე ჰკითხეს, რას ფიქრობდა მამამისი, რომელიც ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

„მგონი შეუძლებელია, ათასგვარი განსხვავებული აზრი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქართველისთვის ეს ყველაფერი იყო ძალიან არასასიამოვნო, ძალიან სამწუხარო და ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის. ისევე, როგორც მამაჩემისთვის - მისი რეაქცია თუ გაინტერესებთ, ნებისმიერი ქართველის რეაქციას უტოლდება.

მეც დაგისვით რამდენჯერმე კითხვა - რას ემსახურებოდა, რა ინტერესი იყო მეორე მხარეს, როცა ისინი პროვოკაციას ეწეოდნენ?!.“ - თქვა მან პასუხად.

რა მოხდა პარლამენტში

26 ივნისს პარლამენტში წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე. მის შემაჯამებელ სიტყვამდე ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, "გახარია საქართველოს" წვერის, გიორგი შარაშიძის კრიტიკულ გამოსვლას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ასევე ნახეთ

პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას ჩხუბი მოჰყვა

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, წევრმა გიორგი შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა:

„[აზერბაიჯანის] პრეზიდენტი [ილჰამ] ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში და მთელმა საქართველომ რომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ამ ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე გაგვეცით პასუხი“.

ხელჩართული დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ "საქართველოსთვის" წარმომადგენელს, გიგა ფარულავას და მის თანაგუნდელს, მალხაზ თორიასაც.

"ქართული ოცნების" წევრების შეფასება

"ქართული ოცნების" დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დაპირისპირება თავად გიგა ფარულავამ დაიწყო.

"პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ეს არის ფაქტი. ახლა დანარჩენი როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ.

ბოდიში პირდაპირ თქმისთვის, მაგრამ როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის - ხომ არ გადავჯიშდით, არა?" - უთხრა მან ჟურნალისტებს 29 ივნისს პარლამენტში დასმული შეკითხვის პასუხად.

გახარიას პარტია გამოძიების დაწყებას მოითხოვს

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს პარლამენტში 26 ივნისს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რასაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აფასებს, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს.

"3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან. გვინდა მათ შევახსენოთ „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული. კერძოდ, წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს", - თქვა ბერდია სიჭინავამ 29 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ

"გახარია საქართველოსთვის" წევრები პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ