პარტია "გახარია საქართველოსთვის“ მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს პარლამენტში 26 ივნისს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რასაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აფასებს, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს.
"3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან. გვინდა მათ შევახსენოთ „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული. კერძოდ, წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს", - თქვა ბერდია სიჭინავამ 29 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
რა მოხდა პარლამენტში
26 ივნისს პარლამენტში წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე. მის შემაჯამებელ სიტყვამდე ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, "გახარია საქართველოს" წვერის, გიორგი შარაშიძის კრიტიკულ გამოსვლას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, წევრმა გიორგი შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა:
„[აზერბაიჯანის] პრეზიდენტი [ილჰამ] ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში და მთელმა საქართველომ რომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ამ ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე გაგვეცით პასუხი“.
ხელჩართული დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ "საქართველოსთვის" წარმომადგენელს, გიგა ფარულავას და მის თანაგუნდელს, მალხაზ თორიასაც.
"ქართული ოცნების" წევრების შეფასება
"ქართული ოცნების" დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დაპირისპირება თავად გიგა ფარულავამ დაიწყო.
"პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ეს არის ფაქტი. ახლა დანარჩენი როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ.
ბოდიში პირდაპირ თქმისთვის, მაგრამ როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის - ხომ არ გადავჯიშდით, არა?" - უთხრა მან ჟურნალისტებს 29 ივნისს პარლამენტში დასმული შეკითხვის პასუხად.
"საზოგადოდ", მისი განმარტებით, "ეს მოსაწონი არ არის" და მომხდარში მონაწილე "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ "საზოგადოებას ბოდიში მოუხადა".
"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა მომხდარს "სამწუხარო" უწოდა და თქვა, რომ "უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ, საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს". ამასთან, მისი თქმით, "არსებობს საქართველოში სამართალდამცველი ორგანოები, თუკი ჩათვლიან, რომ არსებობს სამართალდარღვევის ნიშნები, იქნება სათანადო რეაგირება".
იურისტთა ნაწილის შეფასებით, საქმე შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს.
თანამდებობის პირზე თავდასხმაზე აკეთებენ აქცენტს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც და სამართალდამცველებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.
ფორუმი