10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის ხელმძღვანელებს

ფოტო არქივიდან: ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის რეაბილიტაციაც „ლაგი კაპიტალს“ უნდა ჩაეტარებინა.

შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირებს 10-10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ. საქმე ეხება რამდენიმე მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესში მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებას.

„ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა, ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ოფიციალური ბრალდების მიხედვით, კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ედავებიან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებასა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

ამავე საქმეზე დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსნები:

  • უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია;
  • „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდებით - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე.

გამოძიების მასალების მიხედვით:

  • „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი;
  • დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს;
  • კერძოდ, მათ უპირატესობის მინიჭების მიზნით, - მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, - 2023-2024 წლებში „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი.