უკრაინა უარყოფს ცნობას რუსეთის ძალების მიერ კონსტანტინოვკის აღებაზე

კონსტანტინოვკა, საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა "სინამდვილესთან შეუსაბამო" უწოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ რუსეთის არმიამ სრულად დაიკავა უკრაინის ქალაქი კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქში.

ეს ცნობა შაბათს უარყო გენერალური შტაბის პრესმდივანმა, ანდრი კოვალიოვმა. მისი თქმით, უკრაინის ძალები განაგრძობენ თავდაცვით ოპერაციებს განსაზღვრულ ადგილებში, დასახლებული პუნქტის საზღვრებში და მასთან მისადგომ არეალებში.

"კონსტანტინოვკის დასახლებული პუნქტი არის უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ" - აცხადებს კოვალიოვი და დასძენს, რომ რუსეთის მხარე კვლავ აგრძელებს ქალაქზე დაუფლების მცდელობებს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა "რუსეთის მორიგ ტყუილზე, რათა რაღაც სიახლე მაინც გავრცელდეს". ზელენსკი ტელეგრამით წერს - "თუ კონსტანტინოვკა ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, მაშინ, ალბათ, [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინს არ ექნება პრობლემა იქ შემხვდეს, დიპლომატიური გადაწყვეტის საპოვნელად, რათა ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს".

4 ივლისს რუსეთის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა, სერგეი რუდსკოიმ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის არმია სრულად აკონტროლებს კონსტანტინოვკას - რომლისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს 2025 წლის ოქტომბრიდან.

რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ გამოუცხადებია უკრაინის ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის დაკავება, რაც შემდგომში ყოველთვის არ დასტურდებოდა გამოძიებით და უკრაინის მხრიდან. ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ მოსკოვი მორიგ ჯერზე აცხადებდა 2026 წლის აპრილში. უკრაინას ეს არ დაუდასტურებია.

ასევე ნახეთ

დრონებით დარტყმის შემდეგ პეტერბურგში იწვის ნავთობის ტერმინალი, ბელგოროდს არ მიეწოდება ელექტროენერგია