Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონებით დარტყმის შემდეგ პეტერბურგში იწვის ნავთობის ტერმინალი, ბელგოროდს არ მიეწოდება ელექტროენერგია

დრონებით დარტყმის შემდეგ პეტერბურგში იწვის ნავთობის ტერმინალი, ბელგოროდს არ მიეწოდება ელექტროენერგია, 2026 წლის 4 ივლისი
დრონებით დარტყმის შემდეგ პეტერბურგში იწვის ნავთობის ტერმინალი, ბელგოროდს არ მიეწოდება ელექტროენერგია, 2026 წლის 4 ივლისი

უკრაინის არმიამ 400-მდე დრონით განახორციელა დარტყმები რუსეთის რეგიონებზე - ეს ინფორმაცია მომდინარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობიდან, რომელშიც ლაპარაკია თავდასხმების თაობაზე რუსეთის 18 რეგიონზე, ასევე ანექსირებულ ყირიმზე და აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიათა რაიონზე.

ლენინგრადის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრ დროზდენკო ამბობს, რომ რეგიონის თავზე ჩამოაგდეს 72 უპილოტო საფრენი აპარატი. სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი, ალექსანდრ ბეგლოვი ამავე რიცხვს ასახელებს და აღნიშნავს, რომ "დარტყმა განხორციელდა ქალაქის კიროვის რაიონში მდებარე ნავთობის ტერმინალზე". ტელეგრამით გამოქვეყნებულ ცნობაში ბეგლოვი დასძენს, რომ "ტექნოგენური შედეგები ლიკვიდირებულია. დაშავებულები არ არიან".

ადგილობრივი გამოცემა "ბუმაგა" წერდა, რომ პეტერბურგში "ჩანს კვამლი და ისმის აფეთქებების ხმა". ამის შესახებ გამოცემას აცნობა რაიონის მოსახლეობამ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა მასშაბური ხანძრის კადრები "პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის" რაიონიდან - ეს რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ასეთი ტერმინალია. ვრცელდება ვარაუდი, რომ ხანძარი გაჩნდა სანკტ-პეტერბურგის დიდ პორტთან მდებარე ტერმინალზე, რომელსაც ნავთობის გადაზიდვებისთვის იყენებენ სარკინიგზო, მილსადენის და საზღვაო ტრანსპორტით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმა დაადასტურა და დასძინა, რომ კიდევ ერთი სამიზნე იყო კრონშტადტი. "უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ნავთობის საპორტო ინფრასტრუქტურას, რომელიც ფულს გამოიმუშავებს რუსეთის ომისთვის. იყო დარტყმა კრონშტადტზეც - მნიშვნელოვან საომარ სამიზნეზე. უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მანძილი 850-ზე მეტი კილომეტრია" - წერს ზელენსკი.

ბელგოროდში თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ უკრაინის დარტყმების შედეგად გამოწვეულ ხანძრებზე, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების გათიშვაზე. ადგილობრივი გამოცემა "პეპელი" წერს, რომ ქალაქი თითქმის სრულადაა დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.

ანექსირებულ ყირიმში კრემლის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი სოციალური მედიით წერს, რომ ღამის თავდასხმის შედეგად ნახევარკუნძულზე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა კიდევ ორი პირი, მათ შორის 10 წლის ბავშვი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში დრონები "გადაიტაცეს და გაანადგურეს" სხვა რეგიონების თავზეც - მათ შორის ვლადიმირის, კურსკის, ლიპეცკის, ორლოვსკის, როსტოვის რეგიონების.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი 2 ივლისს რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ამბობდა, რომ მოსკოვს ამაზე პასუხს გასცემდნენ. "ჩვენ ვემხრობით სამართლიან მშვიდობას, ომის სამართლიან დასრულებას - ხოლო სანამ ეს არ გვაქვს, სამართლიან პასუხს" - ამბობდა ზელენსკი.

კიევში 2 ივნისს რუსეთის თავდასხმას ემსხვერპლა 30 ადამიანი, დაიჭრა ათობით პირი. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყებოდა დაზიანებებზე "ფაქტობრივად ქალაქის ყველა რაიონში", ასევე ათობით საცხოვრებელი სახლისა და უკრაინის წითელი ჯვრის ჰუმანიტარული საწყობის განადგურებაზე.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი არმია უკრაინაში მხოლოდ საბრძოლო ან საბრძოლოსთან დაკავშირებულ ობიექტებზე ახორციელებს დარტყმებს. მოსკოვი კვლავ უარყოფს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ დარტყმებს და მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG