ინიციატივის თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ევროპის 12 ქვეყანა 50 მილიარდ დოლარზე მეტით გაზრდის ღრმა ზუსტი დარტყმების საშუალებების დაფინანსებას. ინიციატივას სათავეში უდგას დიდი ბრიტანეთი, რომლის მთავრობის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ევროპული ქვეყნების მიერ ამ ტიპის ხარჯის გაზრდა მთლიანად ალიანსის თავდაცვისუნარიანობასა და შეკავების უნარს გააძლიერებს.
ლონდონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
“ევროპელი მოკავშირეების მიერ შორი მანძილის ზუსტი დამიზნების იარაღში ინვესტიცია მომავალში ალიანსს შესძენს ყველაზე თანამედროვე იარაღს, რომლითაც შესაძლებელი იქნება უზუსტესი დარტყმების განხორციელება ისეთ სამიზნეებზე, რომლებიც მინიმუმ 300 კილომეტრის და ზოგიერთ შემთხვევაში 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზეა”.
ბრიტანეთმა “თავდაცვაში ინვესტიციის გეგმის” ფარგლებში უკვე გამოყო 3 მილიარდი ევრო ღრმა, ზუსტი დარტყმების საშუალებების შესაძენად. ალიანსის ევროპელი მოკავშირეების ახალი ინიციატივა კი ექსპერტიზისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარების, აგრეთვე სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის საშუალებას იძლევა.
ასევე ნახეთ
ნატოს ოთხი სახელმწიფო თავდაცვის დაფინანსების ინოვაციურ მოდელს ქმნისდიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა:
“გაერთიანებული სამეფო უკვე მუშაობს პარტნიორებთან ისეთი დახვეწილი საშუალებების განსავითარებლად, რომელიც ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრზე არსებული საფრთხისგან თავდაცვისა და მისი შეკავების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, თუმცა გაერთიანებული სამეფოს ეს ინიციატივა მომდევნო წლებში ნატოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაძლიერების, ევროპელი მოკავშირეების შეკავშირების შესაძლებლობას მოგვცემს”.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცეს, რომ შორი მანძილის სისტემების ეფექტიან გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს შემობრუნების ეფექტი ბრძოლის ველზე, შეიარაღებულ ძალებს კი აძლევს შესაძლებლობას გაანადგუროს მტრის ძალები ფრონტის ხაზის მიღმა:
“მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ობიექტებზე უკრაინის შორ მანძილზე დარტყმებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია რუსეთის შეტევით შესაძლებლობებზე”.
თურქეთის დედაქალაქში მიმდინარეობს ნატოს სამიტი. 8 ივლისს იქ იმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე.