Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ოთხი სახელმწიფო თავდაცვის დაფინანსების ინოვაციურ მოდელს ქმნის

ნატოს ანკარის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ალიანსის ოთხმა ქვეყანამ: გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ფინეთმა და პოლონეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება „თავდაცვის მრავალმხრივი მექანიზმის“(MDM) განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაზე:

„უსაფრთხოების საერთაშორისო გარემოს დინამიკური ცვლილებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგების ფონზე, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მზად ვიყოთ მომავალი საფრთხეებისთვის. კვლავაც მხარს ვუჭერთ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვასა და რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში“.

MDM არის დაფინანსების ინოვაციური მოდელი, რომლის ამოცანაა თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდა, ერთობლივი შესყიდვების წახალისება და თავდაცვის კრიტიკულ საშუალებებზე მოთხოვნის გაზრდა, რისი საბოლოო მიზანიც არის მსგავსი მიდგომების მქონე მოკავშირეების სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილება:

„ჩვენი მიზანია სწრაფად მივიდეთ ფორმალურ სახელშეკრულებო მოლაპარაკებებამდე, ცალკეული წევრი ქვეყნის მიერ რატიფიკაციის პროცესის გავლის დროისა და საერთო ამბიციის გათვალისწინებით - რომ MDM დაფუძნდეს 2027 წლისთვის. მოდელის ტექნიკური დეტალების შემუშავებაში მოკავშირეთა უფრო ფართო ჯგუფი გვიწევს დახმარებას“.

გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ფინეთი და პოლონეთი აპირებენ იზრუნონ მოდელში ჩართული მოკავშირეების წრის გაფართოებაზე. მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი მექანიზმის დაგეგმვის შემდეგ ფაზაზე გადავლენ იმ დროისთვის არსებულ პარტნიორებთან ერთად.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონაწილე ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ თავდაცვის საერთაშორისო დაფინანსებისადმი ახალი მიდგომები შეესაბამებოდეს ალიანსის წევრი ქვეყნების მიდგომებს და ავსებდეს მათ.

გაერთიანებული სამეფოს ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა განაცხადა:

„თავდაცვითი შესყიდვები ევროპაში ძალიან ფრაგმენტული, ძვირი და ნელია. ამიტომაც ვმუშაობ „თავდაცვის მრავალმხრივი მექანიზმის“ დასაფუძნებლად, რომელიც გაზრდის თანამშრომლობას შესყიდვების გასაზრდელად და ჩვენი კოლექტიური შეკავების გასაძლიერებლად.

ჩვენს გარშემო არსებულ ცვალებად სამყაროში ყველაზე ძლიერები მაშინ ვართ, როცა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან. მოხარული ვარ „თავდაცვის მრავალმხრიც მექანიზმში“ პოლონეთის მიღებით, რაც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვას, უზრუნველყოფს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებას“.

7-8 ივლისს ანკარაში იმართება ნატოს სამიტი, რომელზეც მთავარი საკითხები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა და ევროპელი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. ამ მიზნების უმთავრესი კომპონენტი სამხედრო მრეწველობის გაზრდაა.

6 ივლისს ანკარაში გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ალიანსის ეკონომიკური ძლიერება მის სამხედრო შესაძლებლობებზე უნდა აისახოს და მიესალმა ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდაში მიღწეულ პროგრესს. 2025 წელს ნატოს ჰააგის სამიტზე გამოცხადდა, რომ ალიანსის წევრები 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 5%-მდე გაზრდიან.

ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერების გარდა ანკარაში შეიკრიბებიან ევროკავშირის, ინდოეთ-წყნარი ოკეანისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG