Axios: რეგიონული ლიდერები აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ

საილუსტრაციო ფოტო: ბუშერის პროვინცია, აალებული ნავმისადგომი

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, კატარი, პაკისტანი და რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი ცდილობენ აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის შემცირებას, რათა თავიდან აიცილონ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების ჩაშლა.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს „დასრულებულად“ გამოაცხადა და საჰაერო დარტყმების ბრძანება გასცა, მისი ადმინისტრაცია კვლავ ცდილობს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და სრულმასშტაბიან ომში დაბრუნების შესაძლებლობის თავიდან არიდებას.

ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება „დასრულებულია“ დარტყმების განახლების შემდეგ

რეგიონული წყაროს ცნობით, შუამავლების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში ირანის ბოლოდროინდელი თავდასხმები, სავარაუდოდ, ირანის მთავრობის იმ წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელდა, რომლებიც შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან და ძირს უთხრიან მას.

ასევე ნახეთ

აშშ-ის თავდაცვა: ირანის იერიშს აშშ-ის ბაზებზე ზიანი არ მოუტანია

Axios-ის ცნობით, ოთხშაბათს მომლაპარაკებლებმა აშშ-ისა და ირანის ოფიციალურ პირებთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართეს, რათა შეთანხმებულიყვნენ თავდაპირველად დაძაბულობის შემცირებაზე, უკვე შემდეგ კი ტექნიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდის თარიღზე.

ტრამპსა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ერთგული რჩება გამოსავლის პოვნასა და ბირთვული შეთანხმების მისაღწევად ტექნიკური მოლაპარაკებების გაგრძელების მიმართ, თუმცა ვაშინგტონი ამერიკულ ტანკერებზე ირანის თავდასხმებს „ტერორისტულ აქტებად“ და შეთანხმების მოსალოდნელი შედეგების დარღვევად მიიჩნევს.

როგორც Wall Street Journal-ი წერს, ამასობაში, პარასკევს, დაეცა ნავთობის ფასები, ვინაიდან ბაზრის მოთამაშეები დაძაბულობის შემცირებას და იმას მოელოდნენ, რომ შეერთებული შტატები ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმისგან თავს შეიკავებდა, West Texas Intermediate-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0,25 პროცენტით დაეცა და ბარელის ფასმა 71,90 დოლარი შეადგინა, ხოლო Brent-ის მარკის ფასი კი 0,29 პროცენტით შემცირდა, ბარელზე 76,80 დოლარამდე.

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ივლისს მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის სამხრეთ სანაპიროს და აღმოსავლეთ პროვინციებს დაარტყა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სამკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მანამდე ირანის ძალებმა დაარტყეს ტანკერებს, რომლებსაც
აშშ-ის არმია უწევდა ესკორტირებას ჰორმუზის სრუტეში, ომანის მხარეს, რომლის ტერიტორიული წყლები ერთმანეთს ემიჯნება საზღვაო სატრანსპორტო გზაზე, რომლის გავლით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომამდე, მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის და გაზის მეხუთედი გადიოდა.