რუსეთის პატრიარქი და „ლუკოილის” დამფუძნებელი ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინასთან

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჯერჯერობით არ მიუღწევიათ კონსენსუსისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალ, 21-ე პაკეტზე, რომელიც სხვადასხვა სფეროზე უნდა გავრცელდეს უკრაინაში ომის გამო.

ეს 13 ივლისს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს უთხრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

ამასთან, შესაძლოა, უკვე 13 ივლისს მიიღონ გადაწყვეტილება კიდევ 250 ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესების შესახებ.

თუმცა ბულგარეთის ვეტოს გამო ევროკავშირი ვერ შეძლებს სანქციების ამოქმედებას რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის ლიდერები პირველად შეთანხმდნენ რუსეთისთვის სანქციების ერთი წლით გაგრძელებაზე

რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაფართოებაზე 12 ივლისს იმსჯელეს ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩებმა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და განხილვა 13 ივლისს მინისტრების დონეზე გაგრძელდა.

სააგენტო „როიტერსს" მოჰყავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კიასტუტის ბუდრსის განცხადება, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს ჯერჯერობით არ მიუღიათ გადაწყვეტილება რუსეთის ექსპორტში ჩართული გემების მომსახურების და დაზღვევის აკრძალვისა და რუსული გათხევადებული გაზის შეძენის შეზღუდვის შესახებ.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, 12 ივლისს უკრაინულმა გამოცემა „ევროპეისკა პრავდამ” ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის დიპლომატებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბულგარეთის მოთხოვნით სიიდან ამოიღეს რუსეთის პატრიარქი კირილე და ნავთობკომპანია „ლუკოილის” დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი.

ეს 13 ივლისს ბრიუსელში მედიას დაუდასტურა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ველისლავა პეტროვამ. სიიდან პატრიარქ კირილეს და ალეკპეროვის ამოღების შემდეგ ბულგარეთი დასთანხმდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 21-ე პაკეტის მხარდაჭერას.

ევროკავშირი რუსეთის პატრიარქისთვის სანქციების დაწესებას გეგმავდა კირილეს მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული, „წმინდა“ ომის გამართლებისა და მხარდაჭერის გამო.

ბულგარეთის მთავრობამ რუსეთის პატრიარქის სანქცირების დაბლოკვა რელიგიური მოტივით ახსნა. რაც შეეხება ვაგიტ ალეკპეროვს, კომპანია „ლუკოილი“ მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი ბულგარეთის ბაზარზე.

  • ევროკავშირი არაერთი წელია უშედეგოდ ცდილობს რუსეთის პატრიარქ კირილესთვის სანქციების დაწესებას. მანამდე, რეგლიგიური მოტივით, გადაწყვეტილებას ბლოკავდა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ასევე ნახეთ

როგორ დევნის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ომის მოწინააღმდეგე მღვდლებს