ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების 12-თვიანი პერიოდებით გაგრძელებას მხარი დაუჭირეს 18 ივნისს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც გვიან ღამით დასრულდა.
გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უნგრეთში 2026 წლის აპრილში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ დამარცხდა და მთავრობაში მოვიდა პარტია „ტისა“ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას პრესმდივანმა 18 ივნისს გვიან ღამით ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების არა 6, არამედ 12 თვით გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებულია და ფორმალურად უახლოეს ხანში დამტკიცდება.
18 ივნისს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომას გარკვეული დროით დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
18 ივნისის სხდომაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 2024 წლის დეკემბრიდან პირველად შეძლეს უკრაინის შესახებ დეკლარაციის მიღებაც, რასაც მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
ევროპული საბჭოს მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებულ დასკვნაში დადასტურებულია უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა და გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირი თანამოაზრე პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ დახმარებას.
ევროპული საბჭო მიესალმა ევროკავშირში უკრაინის მისაღებად მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას(2026 წლის 15 ივნისს) და მოუთმენლად ელოდება სხვა კლასტერების გახსნასაც დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად.
ევროკავშირი მხარს უჭერს ომის დასრულებისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას და მზად არის ამ პროცესში მონაწილეობის გააქტიურებისთვის. ასევე, თავისი წვლილის შესატანად უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველყოფაში.
ევროკავშირი მზად არის გააძლიეროს რუსეთზე ზეწოლა და მისი სამხედრო ეკონომიკის დასუსტება, რათა მან შეწყვიტოს აგრესიული ომი და კონსტრუქციული სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ენერგომატარებლების გაყიდვით, მათ შორის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით, რუსეთის შემოსავლების შემდგომ შემცირებას.
ევროპული საბჭოს მოწოდებაა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 21-ე პაკეტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება.
- ევროკომისიას სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი მზად აქვს. ის ითვალისწინებს შეზღუდვების გაფართოებას რუსეთის ენერგეტიკული სექტორის, ბანკებისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის და ფიზიკური პირების წინააღმდეგ.
- დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, სანქციები უნდა შეეხოს ნავთობკომპანიებს, „ლუკოილს" და „როსნეფტს". ფიზიკურ პირებს შორისაა რუსეთის პატრიარქი კირილე.
ევროკომისიის მიერ მომზადებულ 21-ე პაკეტს, დღეს არსებული ფორმით, მხარს არ უჭერს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი.
მან 18 ივნისს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი სანქციები შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ბულგარეთის ეკონომიკაზე. რადევს სურს, რომ სანქციები არ შეეხოს „ლუკოილს“. ბულგარეთი დიდწილადაა დამოკიდებული „ლუკოილის“ საწვავზე. რადევი ეწინააღმდეგება რუსეთის პატრიარქისთვის სანქციების დაწესებასაც.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
ფორუმი