სახალხო დამცველი პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

ფოტო არქივიდან: ლევან იოსელიანი (მარცხნივ) და ალეკო ელისაშვილი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს განაჩენს, რომელიც მას გამოუტანეს ტერორიზმის მცდელობის საქმეზე და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სახალხო დამცველს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოტანილი განაჩენები მოჰყავს მაგალითად და ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენის სიმკაცრეზე მიუთითებს.

"ვანო მერაბიშვილი - 6 წელი და 9 თვე;

ზურაბ ადეიშვილი - 6 წელი;

დავით კეზერაშვილი - 5 წელი;

ბაჩო ახალაია - 9 წელი;

მეგის ქარდავა - 9 წელი;

ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი;

ვიქტორ ყაჭეიშვილი - 9 წელი;

ოლეგ ფაცაცია - 9 წელი;

გიგი უგულავა - 3 წელი და 2 თვე;

გაგა მკურნალიძე - 3 წელი და 4 თვე;

და ა.შ.....

ალეკო - 13 წელი !" - წერს ლევან იოსელიანი.

ელისაშვილი და იოსელიანი - პოლიტიკური თანამებრძოლები

ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა 2020 წელს ერთად დააფუძნეს პოლიტიკურ პარტია „მოქალაქეები“.

მანამდე ისინი ასევე ერთად საქმიანობდნენ სამოქალაქო პლატფორმაში „სამოქალაქო მოძრაობა“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე დეპუტატი გახდა.

2023 წლის თებერვალში ალეკო ელისაშვილმა დაასახელა ლევან იოსელიანის კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე.

2023 წლის მარტში ლევან იოსელიანი პარლამენტმა 6 წლის ვადით სახალხო დამცველად აირჩია.

ალეკო ელისაშვილის საქმე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 10 ივლისს, გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და მინისტრ მამუკა მდინარაძის გინების გამო.

„პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შემექმნა. რა კულტურა?! - ვნანობ, ყოველდღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე- პაპუაშვილს… ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ…

ჩემთვის მთავარია მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ**ნ“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე.

მის ამ სიტყვებს დარბაზში შეძახილები მოჰყვა - „ბრავო“.

პირველივე სხდომაზე მან თქვა:

„რაც გავაკეთე, იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი. გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ ის მეძახეთ".

  • აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პირველ სხდომაზე ელისაშვილმა ვრცლად ისაუბრა, რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.
  • ის იხსენებდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობას, სამართალდამცავების დაუსჯელობას და მოსამართლეს უხსნიდა, რომ უსამართლობამ უბიძგა უკიდურესი პროტესტისკენ.
  • პოლიტიკოსის ადვოკატები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობის აღება ტერორისტული მიზნის აღიარებას არ ნიშნავს.

საქმის არსებითი განხილვის დროს პროკურატურამ სასამართლოს რამდენიმე ტიპის მტკიცებულება წარუდგინა. მათ შორის იყო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები, მანდატურებისა და გამომძიებლების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და დაზარალებულად ცნობილი სასამართლოს წარმომადგენლის პოზიცია.

პროკურატურის შეფასებით, ამ მტკიცებულებების ერთობლიობა აჩვენებს, რომ ალეკო ელისაშვილის მოქმედება დაგეგმილი, მისი მიზანი კი სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდება და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა იყო.

ელისაშვილის საქმის პოლიტიკური შეფასებები

ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მანამდე უწოდა „ტერორიზმის მცდელობა“, ვიდრე პოლიტიკოსს ამ მუხლით ბრალს წაუყენებდნენ. თავდაპირველად გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ალდეს თავისი რიგებიდან გაერიცხა პარტია, რომელმაც საქართველოში ტერორიზმი სცადა. პარტია ლელოა „ალდეს“ წევრი, რომელთა ერთადაც კოალიციაში „ძლიერი საქართველო“ ალეკო ელისაშვილი 2024-ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა.

ეს მოთხოვნა შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის დამნაშავედ ცნობის შემდეგაც გააჟღერა და სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსიც გამოაქვეყნა.

„განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი - საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის - „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ“, - ეს ფრაგმენტია მისი ვრცელი სტატიიდან.

დღეს 13 ივლისს კი, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვაზე როგორ შეაფასებდა ფაქტს, რომ ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ეს საკითხი არ დაუგმია არც „ლელოს“ და არც ALDE-ს“. უპასუხა, რომ

"ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა სრულიად ახალი მწვერვალია, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა, ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია, როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში. ყველამ ძალიან კარგად იცის რა მოხდა საქალაქო სასამართლოში - ადამიანმა სცადა სასამართლო შენობის დაწვა, რაც ყველა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე აქტია. აქედან გამომდინარე, ასეთ დროს მსგავსი ქმედებისგან არ გამიჯვნა თავისთავად მეტყველებს საერთო სულისკვეთებაზე. პოლიტიკური ტერორიზმი, ჩვეულებრივი ტერორიზმი და ზოგადი ტერორიზმი მათთვის აბსოლუტურად მისაღები მოვლენაა. ეს არის მათი საერთო ხელწერა. მთლიანობაში, რასაც ისინი აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს არის ერთგვარი ტერორი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი განაჩენის მოლოდინში - საკვანძო მომენტები ტერორიზმის საქმიდან